მედიცინამსოფლიოnews

აშშ-ში გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს – რატომ დათანხმდა 58 წლის კაცი ოპერაციაზე?

ტრანსპლანტაციიდან 6 კვირაში გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც მედიცინის ისტორიაში მეორედ ღორის გული გადაუნერგეს. მისი სიკვდილის შესახებ მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში განაცხადეს.

58 წლის ლოურენს ფოსეტმა მოდიფიცირებული ღორის გულით 6 კვირა იცოცხლა 20 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩატარდა. როგორც ცნობილია, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვეტერანს ლოურენს ფოსეტს ბოლო სტადიის გულის უკმარისობა ჰქონდა – მას ექიმებმა „ტერმინალური გულის უკმარისობის“ დიაგნოზი დაუსვეს და თანმდევი დაავადებების გამო ტრადიციული ტრანსპლანტაციის ჩატარება მისთვის შეუძლებლად მიიჩნიეს. მამაკაცს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა, ამრიგად, ღორის მოდიფიცირებული გულის გადანერგვა მისთვის „ერთადერთ ვარიანტს“ წარმოადგენდა.

ტრანსპლანტაციიდან პირველ თვეში ფოსეტს უცხო ორგანოს უარყოფის ნიშნები არ ჰქონია. იგი „თავიდან სწავლობდა“ სიარულს და ფიზიოთერაპიის კურსს გადიოდა, თუმცა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე უარყოფის რეაქცია დაეწყო. მისი მეუღლის, ენ ფოსეტის თქმით, ფსიქოლოგიურად იგი ამისთვის მზად იყო.

„მან იცოდა, რომ ჩვენთან ყოფნის დრო შეზღუდული ჰქონდა და ეს იყო მისთვის უკანასკნელი შანსი, სხვებისთვის რამე გაეკეთებინა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამით [გადანერგილი გულით] ამდენ ხანს იცოცხლებდა და ქსენოტრანსპლანტაციის პროგრამისთვის ამდენ მონაცემს მისცემდა ექიმებს“.

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქირურგი ბარტლი გრიფიტი ამბობს, რომ „ბატონი ფოსეტის ბოლო სურვილი იყო, მაქსიმალურად გამოეყენებინა ეს გამოცდილება, რათა სხვა ადამიანებს ჰქონდეთ გარანტირებული შანსი, მიიღონ ახალი გული, როდესაც ადამიანის გული ხელმიუწვდომელია“.

ექიმები გულმოდგინე ანალიზის ჩატარებას აპირებენ, რათა განსაზღვრონ ის ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილებაც აუცილებელია მომავალი გადანერგვების დროს.

პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს 2022 წელს, დევიდ ბენეტი იყო. მან ოპერაციის შემდეგ 2 თვეს იცოცხლა.

რაც შეეხება სტატისტიკას: ორგანოების ტრანსპლანტაციის რიგში 100 ათასი ამერიკელი დგას. დონორების მწვავე უკმარისობის გამო მეცნიერებმა ქსენოტრანსპლანტაციის ანუ ადამიანისთვის ცხოველების ორგანოების გამოყენების კვლევა დაიწყეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას, რომელიც 120 ათასი ლარი ჯდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close