„თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
„თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ერთი პირის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კუთვნილი საწარმო სარგებლობდა პოს ტერმინალით, რომელიც, ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელს ანიჭებდა შესაძლებლობას, რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულება მისივე კლიენტის საბანკო პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრა.
„ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა „თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დასაუფლებლად, თითქოსდა საწარმოს კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ჩამოჭრის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული უცხოური საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მონაცემები შეიყვანეს ბრალდებულის კუთვნილი საწარმოს პოს ტერმინალში, რის შედეგადაც ,,თიბისი ბანკს’’ მიმდინარე ბალანსიდან ჩამოაჭრეს 90 660 ლარი, მიღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ვინაიდან კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ტრანზაქციები გასაჩივრდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მეშვეობით, ბანკისთვის მიმდინარე ბალანსიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების ანაზღაურება პლასტიკური ბარათების გამცემი უცხოური საბანკო დაწესებულებების მიერ აღარ განხორციელდა, რითაც „თიბისი ბანკს“ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები