რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის შეზღუდვა მთლიანად მოიხსნა მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის
მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების დრო ოთხი საათით გაიზარდა
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, გარდა ამისა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 12 ოქტომბრიდან რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.
სპეციალური რეჟიმი ძალაში რჩება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის, თუმცა დრო ოთხი საათით იზრდება, შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 24-საათიანი მონიტორინგი გაგრძელდება.
სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს.
კომენტარები