ქართული ID ბარათით და ბიომეტრიული პასპორტით უცხოეთში გამგზავრება უფრო გამარტივდება
ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან. ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს სახელით გაცემული სამგზავრო დოკუმენტების სანდოობას, – ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA).
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ სიჭინავამ კანადაში, ქალაქ მონრეალში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში წარადგინა სერტიფიკატები, რომლებიც ამავე ორგანიზაციის ღია გასაღებების დირექტორიაში (ICAO PKD) აიტვირთა.
„ღია გასაღებების დირექტორია დოკუმენტების უტყუარობის დადგენის ერთიანი სისტემაა, სადაც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყნის მონაცემები, რაც ხელს უწყობს საზღვრებზე სახელმწიფოებს შორის სამგზავრო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას.
ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს სახელით გაცემული სამგზავრო დოკუმენტების სანდოობას. შედეგად, ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობითვე, მონრეალში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს მე-18 სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც დელეგატები ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების მიმართულებით არსებულ ახალ ტექნიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს გაეცნენ.
„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს და მუდმივად აახლებს სამგზავრო დოკუმენტების სანდოობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე, პერიოდულად მართავს სიმპოზიუმებს, რომლებშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული უწყება, რეგულარულად მონაწილეობს, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები შესთავაზოს“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
კომენტარები