კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მამაკაცი 74 წლის ბერძენმა მოკლა, მძიმედ დაჭრილია მისი ცოლიც (ვიდეო)

ხანდაზმულმა მამაკაცმა ცოლ-ქმარს 3 ბავშვის თანდასწრებით ესროლა! - მოკლა ერთ-ერთი ბავშვის მამა და დაჭრა დედა, რომელიც ქმრის დაცვას ცდილობდა - „გავიგონე 4-5 გასროლა, ხალხი შველას ითხოვდა“, - მეზობელი

ათენში 50 წლის ქართველი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მძიმედ დაჭრილია მისი 45 წლის მეუღლეც.

შემთხვევა პირველ ოქტომბერს, ღამის 2:30 სთ-ზე მოხდა ათენის აგიოს პანტელეიმონასის რაიონში, მირონის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემა „პროტოთემას“ ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი მეზობლად მცხოვრებმა 74 წლის ბერძენმა მოკლა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც გამოცემა წერს საბერძნეთის პოლიციის (ELAS) ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირველადი ინფორმაციით, ქართველმა ცოლ-ქმარმა საკუთარ სახლში წვეულება მოაწყო და სტუმრებს შორის მირონის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მცხოვრები მათი მეზობელი, 74 წლის ბერძენი, სახელად ტატისიც იყო.

რაღაც მომენტში, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ხანდაზმულმა ბერძენმა მამაკაცმა 50 წლის ქართველ მასპინძელს კამათი დაუწყო და ესროლა, რის შედეგადაც იგი სასიკვდილოდ დაჭრა. ამის შემდეგ მან მსხვერპლის 45 წლის ცოლსაც ესროლა. მხარში მძიმედ დაჭრილი ქალი ათენის „გენიმატასის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის დროს სახლში ქართველი ემიგრანტების 12 წლის ქალიშვილიც იმყოფებოდა თავის ორ არასრულწლოვან მეგობართან ერთად.

სხვა ინფორმაციით, წვეულება მაღაზიაში დაიწყო, ხოლო 74 წლის მამაკაცი მოგვიანებით სახლში მივიდა ქართველ მეზობელთან და ცივსისხლიანად ესროლა. „მესმოდა ხმები, ყვირილი, აურზაური, ხალხი დახმარებას ითხოვდა“, – უთხრა protothema.gr-ს ერთ-ერთმა მეზობელმა. მისი თქმით, წვეულება არა ბინაში, არამედ იქვე მდებარე მაღაზიაში დაიწყო. ხანდაზმული მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, მეტისმეტი დალია და თავს ცუდად გრძნობდა, 50 წლის ქართველს სასმელში რაღაცის ჩაყრაში ადანაშაულებდა.

მკვლელი დაკავებულია, დანაშაულზე წინასწარ გამოძიებას ატიკის უსაფრთხოების სამმართველო აწარმოებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close