ვიდეოსპორტი

ერთი გოლი, ერთი პენალტი, ერთი ასისტი და 2 „ძელი“ – ხვიჩამ ისევ გაიბრწყინა „უდინეზესთან“ მატჩში (ვიდეო)

„როდესაც ხვიჩა მხიარული და ბედნიერია, გუნდსაც ყველაფერი კარგად გამოსდის – ისე, როგორც ეს დღეს იყო“, - რუდი გარსია

27 სექტემბერს სერია A-ს მე-6 მატჩი „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე გამართა „უდინეზესთან“ და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. 

„ნაპოლის“ მხრიდან გოლები ზელინსკიმ, ოსიმენმა, კვარაცხელიამ და სიმეონემ გაიტანეს, „უდინეზეს“ მხრიდან კი ერთადერთი გოლი ლაზარ სამარჯიჩმა გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩში, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი იპოვა. 6 თვეზე მეტი ხნის უგოლო თამაშის შემდეგ (19 მარტიდან), ბოლოს და ბოლოს, გოლიც გაიტანა, პენალტიც მოიპოვა მე-14 წუთზე (რომელიც ზელინსკიმ წარმატებით შეასრულა; ამ პენალტით გახსნა „ნაპოლიმ“ ანგარიში) და საგოლე გადაცემაც მიითვალა – მე-80 წუთზე კვარას ჩაწოდების შემდეგ ჯოვანი  სიმეონემ თავით მე-4 გოლი გაიტანა. ხვიჩას გოლისგან „უდინეზეს“ კარი 2-ჯერ ზედიზედ ძელმა იხსნა.

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები ვიდეოში:

„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა, ფრანგმა სპეციალისტმა რუდი გარსიამ მატჩის შემდეგ თამაში შეაფასა და კვარას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. „დღეს დიდებული კვარაცხელიაც დავიბრუნეთ. პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, მან თამაში შეცვალა. ხვიჩას ლამაზად თამაში უყვარს, მხოლოდ კონცენტრაცია სჭირდებოდა და გოლიც გაიტანა. მენტალურად ძლიერი პიროვნებაა და რთული პერიოდი დაძლია. ახლა, როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა, გაცილებით მსუბუქად იგრძნობს თავს და აღარ ინერვიულებს. საერთოდ, თამაშით უნდა ისიამოვნო, ასეთი რამ ყველა მოთამაშეს ემართება. როდესაც ხვიჩა მხიარული და ბედნიერია, გუნდსაც ყველაფერი კარგად გამოსდის – ისე, როგორც ეს დღეს იყო“.

ამ მოგების შემდეგ „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში მე-7-დან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა 11 ქულით  (3 მოგებით, 2 ფრით და ერთი წაგებით) და 4 ქულით ჩამორჩება პირველ-მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ და „მილანს“.

„ნაპოლი“ მომდევნო თამაშს 30 სექტემბერს „ლეჩესთან“ გამართავს სტუმრად, ხოლო 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, „სტადიო მარადონაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close