წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სამი პატარა ქართველი მომღერალი წარადგენს
საკონკურსო სიმღერას „რანინას“ 2023 წლის სეზონის გამარჯვებული ანასტასია ვასაძე ოთო ბაზერაშვილთან და ნიკოლოზ ხარატთან ერთად შეასრულებს
2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე „რანინას“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულ ანასტასია ვასაძესთან ერთად ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან. ორივე მათგანი 2022 წელს „რანინას“ ფინალისტი იყო.
მალე გაიმართება სიმღერის პრემიერა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები საბავშვო ევროვიზიაზე შეასრულებენ.
შარშან სომხეთის ქალაქ ერევანში გამართულ საბავშვო ევროვიზიის მე-20, საიუბილეო კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენელმა ლისანდრომ გაიმარჯვა, შესაბამისად, წელს ფესტივალი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება 26 ნოემბერს. შარშან საქართველო მესამე ადგილზე გავიდა.
საფრანგეთმა 2022 წელს მეორედ მოიპოვა გამარჯვება, პირველად – 2020 წელს ვალენტინა (Valentina) გახდა გამარჯვებული სიმღერით J’imagine.
ამრიგად, რეკორდსმენი კვლავ საქართველო რჩება, რომელმაც საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სამჯერ გაიმარჯვა: 2008 წელს ანსამბლი „ბზიკები“ გახდა პირველი ადგილის მფლობელი სიმღერით „ბზზზ“, 2011 წელს ანსამბლი CANDY – სიმღერით „CANDY MUSIC“, 2016 წელს კი მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა სიმღერით „მზეო“.
ნუცა ყაველაშვილი
კიდევ ერთხელ მოუსმინეთ ოთო ბაზერაშვილს და ნიკოლოზ ხარატს ვოკალის აკადემიის კვარტეტის შემადგენლობაში.
კომენტარები