მსოფლიოსაზოგადოება

ევროპასა და აზიაში დღეში საშუალოდ 16 ბავშვი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო

2019 წელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო 5800-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი დაიღუპა, დღეში საშუალოდ თითქმის 16. მათ შორის 4917 ბავშვი ერთ წელზე ნაკლები ასაკის იყო. ასეთია  Unicef-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის მონაცემები.

„როცა საქმე ჰაერის დაბინძურებას ეხება, ყველაზე პატარა ფილტვები ყველაზე მაღალ ფასს იხდიან და ეს ზიანს აყენებს ბავშვების ჯანმრთელობას და განვითარებას, ზოგჯერ კი მათ სიცოცხლის ფასადაც უჯდებათ“, – განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა რეგინა დე დომინიცისმა.

Unicef-ის განმარტებით, ბავშვები უფრო დაუცველები არიან ჰაერის დაბინძურების მიმართ: ისინი ორჯერ უფრო სწრაფად სუნთქავენ, ვიდრე მოზრდილები, თანაც ხშირად – პირით, ამიტომ მეტ დამაბინძურებელს შთანთქავენ; ბავშვები პატარა ტანის გამო უფრო ახლოს არიან მიწასთან, სადაც დამაბინძურებლები დიდი რაოდენობით გროვდება; მათი ორგანოები სწრაფი განვითარების პერიოდში ანთების რისკის ქვეშაა და ზიანდება. ამან შეიძლება გაზარდოს მწვავე რესპირატორული ინფექციების რისკი, როგორიცაა პნევმონია და ხელი შეუწყოს რესპირატორული პრობლემების განვითარებას, როგორიცაა ასთმა, ხოლო უფრო მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო და ნევროლოგიური დარღვევები გამოიწვიოს.

ამის გამო Unicef-ი ​​მოუწოდებს მთავრობებს, დააჩქარონ გადასვლა სუფთა ენერგეტიკასა და ტრანსპორტზე. ასევე, მოითხოვს საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემების შექმნას და ხელშეწყობას, რომლებიც ჰაერის დაბინძურების ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის საშიშ დონეებს გამოავლენენ.

„ჰაერის დამაბინძურებლების გამოტყორცნის და ბავშვებზე ტოქსიკური ჰაერის ზემოქმედების შემცირება გადამწყვეტია მათი ჯანმრთელობისა და საზოგადოების დასაცავად, რაც ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას, სწავლის გაუმჯობესებას, პროდუქტიულობის გაზრდას და ყველასთვის უფრო უსაფრთხო, სუფთა გარემოს შექმნას განაპირობებს“, – აცხადებს რეგინა დე დომინიცისი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close