22 აგვისტოს ცნობილი იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა. იგი 80 წლის იყო. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ მის მენეჯერზე დაყრდნობით გაავრცელა. „ანსა“ წერს, რომ მომღერალი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა „ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ“.
ტოტო (ნამდვილი სახელი – სალვატორე) კუტუნიომ მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. თავიდან დრამერი იყო, შემდეგ ჯაზით და ფორტეპიანოზე დაკვრით დაინტერესდა და სიმღერებსაც წერდა. საკუთარი ჯგუფის – Albatros-ის შექმნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მომღერალმა სოლო კარიერა დაიწყო, რამაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.
1990 წელს ტოტო კუტუნიომ ევროვიზიაზე გაიმარჯვა ზაგრებში.
იგი თავისი ტკბილი, მელოდიური ხმითა და მომხიბვლელი გარეგნობით უამრავი ქალის ოცნების მამაკაცს წარმოადგენდა. მომღერალი საავტორო სიმღერებსაც წერდა ისეთი ცნობილი მომღერლებისთვის, როგორებიც იყვნენ: ჯო დასენი, მირეი მატიე, ადრიანო ჩელენტანო, ჯგუფი Ricchi e Poveri, დალიდა და სხვები.
კუტუნიო მთელმა მსოფლიომ გაიცნო თავისი ჰიტით „L’Italiano“ (Lasciate Mi Cantare), რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდა და იტალიის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.
ტოტო კუტუნიო საქართველოშიც იმყოფებოდა ორჯერ – 2007 და 2012 წლებში და ქართველი მსმენელისთვის კონცერტები გამართა.
კომენტარები