„გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა“ – დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
„გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველო ერთდროულად გლოვობს და ზეიმობს ამ დღეს, რადგან ის გვამწუხრებს და გვავსებს იმედით, რომ კიდევაც დაიზრდებიან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული თაობები, ვისთვისაც ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს. 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა როდესაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.
საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული.
„…ვიდეოში ჩანს, რომ ისინი რიგრიგობით ძლიერად ახტებიან ზურგზე გიორგი ანწუხელიძეს და აიძულებენ მიწას აკოცოს. აგინებენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებიან. ახალგაზრდა ქართველ გმირს პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ.
როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, ძირითადად, ოსი და ასევე რუსი სამხედროები არიან. ადამიანი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს გიორგი ანწუხელიძის დაკითხვას, ოსური აქცენტით ქართულ ენაზე ლაპარაკობს, პერიოდულად ისმის მისი ოსურად ლაპარაკიც. იქვე არიან სხვა სამხედროფორმიანი პირებიც, სავარაუდოდ, მათ შორის, არიან ოსი არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებიც. სამხედროფორმიანი პირების სახეები არ ჩანს. მხოლოდ ერთი ადამიანის სახე ჩანს, და ის მეორე ვიდეოშიც არის. ერთ-ერთ მომენტში ისმის რუსი სამხედროს სიტყვები, სუფთა რუსულით საუბრობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის ეროვნებით რუსია.
ასევე, მეორე ვიდეოშიც ჩანს, რომ მას სასტიკად სცემენ. გიორგის გარს ბევრი ხალხი ახვევია, ისინი მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ ., გიორგი მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან და ფეხებით ძლიერად ურტყამენ…“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე)
2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა, უკრაინულმა ძალებმა მოკლეს (წყარო – ვიკიპედია).
კომენტარები