საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესი დაამტკიცა. დადგენილების ტექსტი matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნდა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება ექნება მხოლოდ საშუამავლო კომპანიას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ სერტიფიკატს ფლობს.
ამავე დადგენილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დაევალა, 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის სტანდარტული ფორმა.
მთავრობის მიერ შემუშავებული წესის თანახმად, სერტიფიკატი გაიცემა კონკრეტულ საშუამავლო კომპანიაზე. დაუშვებელია სერტიფიკატის სხვა იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა.
სერტიფიცირების აუცილებელი წინაპირობაა საშუამავლო კომპანიის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
სერტიფიკატი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომლებიც დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ დადგენილების ტექსტში ამ ბმულზე. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/
კომენტარები