საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით
საბერძნეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა, რომელთაც ბავშვებით და კვერცხუჯრედებით უკანონო ვაჭრობა ედებათ ბრალად. დაკავებულებს შორის არის 38 წლის ქართველი ქალიც. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. 9 დაკავებულიდან ერთი ადამიანი დაჯგუფების წევრი არ იყო, თუმცა მათ უკანონო საქმიანობაში ეხმარებოდა.
დანაშაულებრივი ჯგუფი კრეტაზე, ხანიაში იყო ბაზირებული და, როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, „სულ ცოტა, ბოლო 10 წლის განმავლობაში მოქმედებდა კრეტაზე და თესალონიკში, აგრეთვე, სხვადასხვა პრეფექტურაში, როგორიცაა: ატიკა, აგრინიო, ტრიკალა და კატერინი“. ბავშვებით უკანონო ვაჭრობის გარდა მათი დანაშაულებრივი საქმიანობა უკანონო გაშვილებასაც მოიცავდა.
როგორც ბერძნული მედია წერს, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დაფიქსირებულია ქალების ექსპლუატაციის 182 შემთხვევა კვერცხუჯრედების ამოღების და სუროგატული დედობის სფეროში, აგრეთვე, გამოვლენილია თაღლითობის 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქციური ექსტრაკორპორალური (ე. წ. ხელოვნური) განაყოფიერების მეშვეობით. დანაშაულებრივი ორგანიზაცია სუროგატული დედობის ერთი პროგრამიდან 70-იდან 100 ათას ევრომდე მოგებას იღებდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მოგება 120 ათას ევროს აღწევდა.
დაკავებულია 8-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის 2 ლიდერი, ექიმები – გინეკოლოგი და ემბრიოლოგი.
სინამდვილეში, როგორც ბერძნული მედია წერს, ერთ-ერთი ექიმი ქალებს ქირაობდა „ბროკერებად“, ისინი პოულობდნენ შეჭირვებულ ბულგარელ და ქართველ ქალებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, მათი კვერცხუჯრედების გაყიდვის ან მათი სუროგატ დედებად გამოყენების მიზნით, ანაზღაურების სანაცვლოდ.
კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ: 73 წლის მეან-გინეკოლოგი და ხანიაში სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი/კანონიერი წარმომადგენელი, 44 წლის კლინიკური ემბრიოლოგი, ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, ცენტრის სუროგატი დედობის პროგრამების 44 წლის მდივანი და მენეჯერი, 37 წლის რუმინელი ქალი – ოფისის თანამშრომელი, 41 წლის ბერძენი, ბიოლოგი, ემბრიოლოგის ასისტენტი, 28 წლის მეანი ქალი, სამკურნალო ცენტრის ოფისის ძველი თანამშრომელი, 41 წლის და 38 წლის ქართველი ქალი. აგრეთვე, ჯერ არ არის დაკავებული და იძებნება 37 წლის ქალი, რომელიც ცენტრის მდივნად მუშაობდა.
ოპერაციის ფარგლებში მოხდა 30 უცხოელი ქალის, კვერცხუჯრედების დონორების ან სუროგატი დედების – ფეხმძიმეების იდენტიფიცირება, რომლებსაც ჩაუტარდათ კვლევა ფსიქოლოგებისა და საბერძნეთის პოლიციის თანდასწრებით. 2022 წლის დეკემბრიდან, გამოძიების მიმდინარეობის მომენტიდან, გამოვლენილია:
- 71 დონორი ქალი, ამასთან, ზოგიერთი მათგანი ორგანიზაციამ რამდენჯერმე გამოიყენა დონორად;
- 98 ქალი, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლნი, რომელთაც სუროგატ დედებად იყენებდნენ;
- ბავშვის უკანონო მუცლადყოფნის 13 შემთხვევა სუროგატული დედობის პროგრამის მეშვეობით:
- უკანონო გაშვილების 4 შემთხვევა, დასრულებული ან მცდელობა.
- 400 შემთხვევა პაციენტების მოტყუების/სხეულის დაზიანების ფიქციური ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით 201, 2022 და 2023 წლებში.
ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სულ ცოტა, 14 სახლს/ბინას იყენებდნენ სუროგატი დედების განთავსებისა და ცხოვრებისთვის (მათ შორის, იძულებით).
კრეტაზე მცხოვრები 38 წლის ქართველი ქალი პოულობდა უცხოელ (მათ შორის, ქართველ) და ადგილობრივ შეჭირვებულ ქალებს საბერძნეთის ჩრდილოეთში და ორგანიზებას უწევდა მათ გადაყვანას კვიპროსზე, ამასთან, აგროვებდა დოკუმენტებს შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაცემად და თითოეული სუროგატი დედისთვის, რომელიც მას შეჰყავდა პროცედურაში, 3-4 ათასი ევროს ოდენობის ანაზღაურებას იღებდა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები