საბერძნეთის მოსახლეობა მცირდება: საგანგაშო მონაცემები (რუკა)
ბოლო დროს ბევრი იწერება საბერძნეთის არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის კლება პირველად 2005 წელს დაფიქსირდა. ეს ტენდენცია დღემდე არ შეცვლილა და თანდათანობით საშიშ მასშტაბს აღწევს. ზოგიერთი კვლევებით, 2100 წელს საბერძნეთის მოსახლეობა დაახლოებით 35 პროცენტით, 4 მილიონით ადამიანით შემცირდება.
2021 წელს საბერძნეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა, რომლის მონაცემებიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. საბერძნეთის სტატისტიკის სამსახურის საიტზე განთავსებული ინფორმაცია საგანგაშო ტენდენციის არსებობას ადასტურებს.
2011 წელთან შედარებით ქვეყნის მოსახლეობა 3.1 პროცენტით შემცირდა და ამჟამად 10 მილიონ 482 ათასს შეადგენს. რეგიონების მიხედვით მოსახლეობის კლება ფიქსირდება ცამეტიდან თერთმეტ რეგიონში. მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ მოსახლეობა შემცირდა, მათ შორის, ატიკის ოლქშიც, სადაც სადღეისოდ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცხოვრობს.
პროცენტული თვალსაზრისით ყველაზე მეტად ქვეყნის ყველაზე ღარიბი რეგიონის, აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის მოსახლეობა შემცირდა. სხვა რეგიონებში მდგომარეობა ნაკლებად საგანგაშოა, მაგრამ არასახარბიელო.
გამონაკლისს წარმოადგენს ორი რეგიონი: სამხრეთ ეგეოსისა და კუნძულ კრეტის მოსახლეობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა.
გიორგი ჯანელიძე
სრული სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:
ამავე თემაზე: უკანასკნელი ბერძენი
კომენტარები