მსოფლიოეკონომიკაიტალიაპოლიტიკა

იტალიას ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივიდან გასვლა სურს – „მხოლოდ ჩინეთმა იხეირა“

იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო აცხადებს, რომ [2019 წელს] პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობამ მიიღო „იმპროვიზებული და საშიში გადაწყვეტილება“ (una decisione “improvvisata e atroce”), როდესაც შეუერთდა ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი – ერთი გზა“. ახლა იტალიას სურს, ამ ინიციატივიდან გამოვიდეს, მაგრამ ისე, რომ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობები არ დააზიანოს.

თავდაცვის მინისტრმა ამ თემაზე 30 ივლისს იტალიურ გამოცემა „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მან თქვა, რომ ინიციატივას იტალიიდან ექსპორტის ზრდაზე გავლენა თითქმის არ მოუხდენია და მისით მხოლოდ ჩინეთმა იხეირა. მანამდე ჩინეთმა გააკეთა განცხადება რომ პროექტით „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ორივე მხარემ – იტალიამაც და ჩინეთმაც – ნაყოფიერ შედეგებს მიაღწია.

გვიდო კროზეტო აცხადებს, ახლა იტალიამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გავიდეს ამ ინიციატივიდან ისე, რომ ჩინეთთან მის ურთიერთობებს ზიანი არ მიადგეს, რადგანაც, მისივე თქმით, „მართალია, ჩინეთი კონკურენტია, მაგრამ ის, ასევე, პარტნიორიც არის“.

კროზეტომ იტალიის მიერთებას „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივასთან ჯუზეპე კონტეს მთავრობის „იმპროვიზებული და საშინელი“ ქმედება უწოდა, რომელმაც ორმაგი ნეგატიური შედეგი მოიტანა.

იტალია პირველი განვითარებული ეკონომიკა იყო მსოფლიოში, რომელიც შეუერთდა ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ 2019 წელს, რითაც თავისი დასავლელი პარტნიორების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

გლობალური საინვესტიციო პროგრამა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ გულისხმობს ჩინეთის დაკავშირებას ევროპასთან და მის ფარგლებს მიღმა ქვეყნებთან ძველი სავაჭრო მარშრუტის – აბრეშუმის გზის აღდგენის მეშვეობით.

პროექტის შესაბამისად, ჩინეთი აფინანსებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელ მსოფლიოში სხვა ქვეყნების ბაზრებზე ჩინეთის საქონლის გატანის დასაჩქარებლად.

კრიტიკოსების თქმით, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივა ჩინეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი გავლენის გავრცელების ინსტრუმენტია.

გასულ კვირას ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ჯო ბაიდენს უთხრა, რომ მისი მთავრობა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. მისივე თქმით, აპირებს, უახლოეს ხანში ჩავიდეს პეკინში, ხოლო ჩინეთის ინიციატივასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იტალიის მთავრობა დეკემბრამდე მიიღებს.

თუ იტალია ინიციატივას „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ წლის ბოლომდე არ დატოვებს, ის 2024 წლიდან ავტომატურად განახლდება.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: იტალიამ ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის პროექტს „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ მხარი დაუჭირა

იტალიამ ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის პროექტს „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ მხარი დაუჭირა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close