კვირას, 23 ივლისს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგად ესპანეთის პარლამენტში, როგორც ჩანს, უმრავლესობას მემარჯვენე ყაიდის პარტიები მოიპოვებენ მემარცხენე მთავრობის ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ.
ამჟამინდელი მთავრობა სოციალისტური მუშათა პარტიის (PSOE) წარმომადგენლის, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესი მეთაურობით თავის მთავარ კონკურენტს, მემარჯვენე-ცენტრისტულ სახალხო პარტიას (PP) დაუპირისპირდა.
ესპანური გამოცემა elpais-ის ცნობით, ბიულეტენების 57%-ის გულდასმით დათვლის შემდეგ მემარჯვენე-ცენტრისტულ სახალხო პარტია (PP) ლიდერობს 131 მანდატით (350 მანდატიდან), პედრო სანჩესის PSOE-ს 128 მანდატი აქვს, ულტრამემარჯვენე Vox-ს – 33, მემარცხენე Sumar-ს – 30.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ამ პარტიებიდან ვერცერთი მოიპოვებს და მათ მოუწევთ კოალიციების ჩამოყალიბება უფრო რადიკალურ ძალებთან: მემარცხენე პარტია Sumar-თან და ულტრამემარჯვენე Vox-თან.
ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამარჯვებას მემარჯვენე-ცენტრისტულ სახალხო პარტია (PP) მოიპოვებს, თუმცა მას ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდება Vox-სთან კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობის – 176 მანდატის მისაღწევად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
ესპანეთში 37 მილიონი ამომრჩეველია. ისინი პარლამენტის ქვედა პალატის 350 დეპუტატს და მისი ზედა პალატის, სენატის 208 დეპუტატს ირჩევენ.
ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები კანონით დეკემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ მიმდინარე წლის მაისის მუნიციპალურ არჩევნებში საკუთარი პარტიის წარუმატებლობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტი დაითხოვა და ახალი არჩევნები ზაფხულში, 23 ივლისს დანიშნა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები