იტალიაკრიმინალი

ფლორენციაში 5 წლის გოგონა სასტუმროდან ჩემოდნით გაიტაცეს (ფოტო)

ფლორენციაში გატაცებულ 5 წლის ბავშვს იტალიის პოლიცია უკვე ერთი თვეა ეძებს. 10 ივნისს უცნობმა პირმა მიგრანტების ხუთი წლის ქალიშვილი კატალეია მია ჩისილიო ალვარესი სასტუმროდან ჩემოდნით გაიყვანა. ინფორმაცია მედიამ გაავრცელა.

„ლა რეპუბლიკას“ ცნობით, პერუელი ემიგრანტების შვილი, რომელიც სხვა 140 არალეგალურ მიგრანტთან ერთად ფლორენციის ყოფილ სასტუმრო Astor-ში ცხოვრობდა, უცნობმა თავდამსხმელებმა, გამომძიებელთა ვარაუდით, ჩემოდანში მოათავსეს და გაიტაცეს.

ინციდენტის შემდეგ კატალეიას დედამ სასოწარკვეთილებისაგან თვითმკვლელობა ცადა. იგი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მალევე გამოწერეს.

დანაშაულის ერთადერთი მოწმე 3 წლის გოგონაა, რომელიც იმავე სასტუმროში ცხოვრობდა. მან თქვა, რომ დაინახა, როგორ მიათრევდა უცნობი კაცი კატალეიას, ის კი ტიროდა.

გოგონას საპოვნელად ფლორენციის პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო – სამართალდამცველებმა ქალაქის 1600-ვე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები შეამოწმეს. მათი გამოთვლით, გამტაცებელს საათი და 45 წუთი ჰქონდა დრო, რომ გოგონა წაეყვანა და გამქრალიყო.

თუმცა ერთი თვის საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მხოლოდ  და მხოლოდ დაუდგენელ თეთრ ფურგონზეა საუბარი.

ვია მონტევერდისთან ახლოს მდებარე კომპანიის ვიდეოკამერის ჩანაწერებში ისმის საგნის ვარდნის ხმა, 7 წუთის შემდეგ – მოპედის მოსვლის ხმა. ჩანს, რომ მამაკაცი რაღაცას ტვირთავს თეთრ ფურგონში, კარებს კეტავს და უკუსვლით მიდის. ეს არის და ეს.

გამომძიებლები ცდილობენ, უპასუხონ კითხვას – რატომ გაიტაცეს გოგონა? ერთ-ერთი ვერსია პედოფილიაა. ამ შემთხვევაში კატალეიას გაქრობა სტრუქტურირებული გეგმის ნაწილი იქნებოდა და  ამით შეიძლება აიხსნას ის მწირი კვალი, რომელიც ამ დრომდე აღმოაჩინეს. გოგონას მამა – მიგელ ალვარესი არ გამორიცხავს, რომ ბავშვი შესაძლოა გამოძალვის მიზნით გაიტაცეს ან შეიძლება ეს იყოს არალეგალ მიგრანტებზე ზეწოლა. მისივე თქმით, ადრე უკვე ჰქონდა პრობლემები სასტუმროში, სადაც ცხოვრობდნენ. წინა დღეებში ყოფილი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩხუბი მოხდა. პოლიცია ამ ვერსიასაც განიხილავდა, ხომ არ აქვს კავშირი ბავშვის გატაცებას ამ ინციდენტთან. აგრეთვე, ამავე შენობაში რამდენიმე თვის წინ გაუპატიურების შემთხვევაც იყო და შურისძიების ვერსიასაც განიხილავენ. ზოგადად, ყოფილი სასტუმროს სიახლოვეს მცხოვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც არალეგალმა მიგრანტებმა უკანონოდ დაიკავეს შენობა, მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური ფაქტები გახშირდა.

პოლიციამ, გოგონას ძებნის მოტივით, ფლორენციის ყოფილი სასტუმრო „ასტორიდან“ იძულებით გამოასახლა უკანონოდ შეჭრილი ყველა მიგრანტი, თუმცა ვერანაირი კვალი ვერ ნახა.

იტალიელი სამართალდამცველების თქმით, ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება შანსი, რომ გოგონას ცოცხალს იპოვიან.

კატალეიას დედამ „ილ მესაჯეროს“ ინტერვიუ მისცა: მისი თქმით, იტალიამ ისინი მიატოვა და გულგრილობა გამოიჩინა მათი ტრაგედიის მიმართ; პოლიციამ პირველ დღეებში ძვირფასი დრო ფუჭად დაკარგა, როდესაც ბავშვს სასტუმროში ეძებდა. იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა კატალეა უკვე საზღვარგარეთ გაიყვანეს, ამიტომ ითხოვს, ყველგან გაავრცელონ ბავშვის ფოტოები, მათ შორის,  გერმანიასა და საფრანგეთში. დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვი ცოცხალია.

დღეს საღამოს ფლორენციაში დემონსტრაცია იმართება, რომელშიც გოგონას მშობლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close