მსოფლიოპოლიტიკა

VIDEO: მოსკოვის ცენტრში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა – რა ხდება რუსეთში?

პუტინმა მიმართვა გაავრცელა და სიტუაცია 1917 წლის რევოლუციას შეადარა

მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. 

რუსეთის დედაქალაქში, ასევე, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

ვორონეჟისა და როსტოვის ოლქების გუბერნატორების განცხადებით, რეგიონებში მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომაგისტრალზე საცობებია შექმნილი. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ვორონეჟის ოლქში ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებები ტარდება. მედიაში ვრცელდება ცნობები როსტოვსა და ვორონეჟს შორის მდებარე დასახლება ვერხნი მამონში სროლისა და აფეთქებების შესახებ. ეს დასახლება „დონის“ ავტომაგისტრალთან მდებარეობს, რომელიც მოსკოვი-ვორონეჟი-როსტოვის დამაკავშირებელ მთავარ გზას წარმოადგენს. ამჟამად მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია.

ამასთან, მან არასარწმუნო უწოდა ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის კოლონების გადაადგილების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას.

რუსეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა თავისი სამხედრო ფორმირებით  ქალაქი დონის როსტოვი დაიკავა. მანამდე მან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის მტკიცებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება. მან მოუწოდა ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს, შეუერთდნენ.

24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მთლიანად დაიკავა ქალაქი დონის როსტოვი, მათ შორის, აეროდრომი და ქალაქ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტზე კონტროლი დაამყარა. საერთაშორისო სააგენტოები წერენ, რომ ამ ინფორმაციების პირადი წყაროებით შემოწმებას ვერ ახერხებენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მომხდარს აფასებს: „განხეთქილება მეტისმეტად აშკარაა. მოლაპარაკება და ისეთი სახის ჩვენება, თითქოს ყველაფერი მოგვარდა, არ გამოვა. რომელიმე მხარე აუცილებლად უნდა დამარცხდეს: ან პრიგოჟინი (საბედისწერო ფინალით), ან კოლექტიური „ანტიპრიგპოჟინია“ (პუტინის ჯგუფი და კოოპერატივი “Озеро”). რუსეთში ეს მხოლოდ დასაწყისია”, – დაწერა მან ტვიტერში.

რუსეთის „ეფესბემ“ (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა (PSC) გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ФСБ პრიგოჟინის განცხადებებს  დანაშაულად და ღალატად აფასებს. „ეფესბემ“ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით ევგენი პრიგოჟინს 12-იდან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართვა, რომელმაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ამბოხის მოწყობის მცდელობაში, ზურგში მახვილის ჩაცემაში და ღალატში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ მოსკოვის პასუხი მკაცრი იქნება. პუტინმა პროგოჟინის ქმედება მის „გადაჭარბებულ პირად ამბიციებს“ დააბრალა.

პრეზიდენტმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, გაანეიტრალონ ისინი, ვინც შეიარაღებული ამბოხის ორგანიზება განახორციელა.

„ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში დარტყმა. სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როდესაც ქვეყანა აწარმოებდა პირველ მსოფლიო ომს. თუმცა, გამარჯვება მას მოჰპარეს. ინტრიგები, დავები, პოლიტიკანობა ხალხის ზურგს უკან მობრუნდა უდიდესი კატასტროფით, არმიის დანგრევით და სახელმწიფოს დაშლით, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვით, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ომის ტრაგედიით. რუსები კლავდნენ რუსებს, ძმები ძმებს. ანგარებიან სარგებელს კი, პოულობდნენ სხვადასხვა სახის ლიტიკური ავანტიურისტები და საზღვარგარეთული ძალები, რომლებიც ყოფდნენ ქვეყანას, ხევდნენ მას ნაწილებად. ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას. დავიცავთ ჩვენს ხალხს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნებისმიერი საფრთხეებისგან, მათ შორის შიდა ღალატისგან, ხოლო ის, რის წინაშეც ჩვენ დავდექით, სწორედ ღალატია. უსაზღვრო ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა შედეგად გამოიღო ქვეყნისა და ხალხის ღალატი, ასევე იმ საქმის ღალატი, რომლისთვისაც გვერდიგვერდ ჩვენს სხვა სამხედრო დანაყოფებთან იბრძოდნენ და იღუპებოდნენ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები და მეთაურები“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, „ყველას, ვინც გაცნობიერებულად დადგა ღალატის გზაზე, ყველას, ვინც ამზადებდა შეიარაღებულ ამბოხს, შანტაჟს და ტერორისტულ მეთოდს იყენებს, გარდაუვალი სასჯელი დაეკისრება, პასუხს აგებს კანონისა და ხალხის წინაშე“.

თავის მხრივ, „ვაგნერის“ ლიდერი აცხადებს, რომ მალე რუსეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მონაცემების თანახმად,  „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანების შედეგ დაუპირისპირდა, რომლითაც რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას პირველ ივლისამდე თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება დაევალა.

ამ ბრძანების საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები არ გააფორმებენ კონტრაქტებს თავდაცვის სამინისტროსთან.

ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნაში ომის დაწყებამდე რუ­სეთ­ში აქ­ტი­უ­რად იქ­მნე­ბო­და გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ფორმირებები, ისე­თი, რო­გო­რიც ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის უკვე სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი  „ვაგ­ნე­რია“. მათ გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი აფინანსებენ პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვი­დან, ისე რო­გორც თა­ვად პრი­გო­ჟი­ნი, რო­მე­ლიც ახლა ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­დალს, თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, გე­ნე­რა­ლი­ტეტ­სა და პუ­ტი­ნს ღიად უპი­რის­პირ­დე­ბა.

თავდაპირველად „ვაგნერი“ სირიაში იბრძოდა, გასული წლის გაზაფხულიდან კი – უკრაინაშია.

ვაშინგტონის მონაცემებით, ვაგნერმა 2022 წლის დეკემბრიчвк вагнерსთვის ომში დაახლოებით 50 ათასი მებრძოლი გააგზავნა. აქედან 10 ათასი დაიჭრა, 4100 კი დაიღუპა, მათგან ათასზე მეტი – ბახმუტისთვის ბრძოლაში.

რაც შეეხება მდგომარეობას უკრაინაში: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის 486-ე დღეს რუსული ჯარები მეზობელი ქვეყანაში დაკავებულ დასახლებულ პუნქტებს ინარჩუნებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ აგრესიას უპირისპირდებიან. დღეს დილით რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე. მთლიანად დაინგრა მე-15 და მე-16 სართულები. დაღუპულია 3 ადამიანი, 8 ადამიანი დაშავდა, 24-ის უვნებლად გამოყვანა საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა 24-ის უვნებლად გამოყვანა მოახერხეს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის საპასუხოდ გავრცელებულ მორიგ აუდიომიმართვაში განაცხადა, რომ პუტინი ცდება: ის და მისი მებრძოლები მოღალატეები კი არა, რუსეთის პატრიოტები არიან და დანებებას არ აპირებს, რადგან არ სურს, ქვეყანამ კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში გააგრძელოს ცხოვრება.

„სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად ცდება. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით, ვიბრძვით და არავინ აპირებს პრეზიდენტის, „ეფესბეს“ ან კიდევ ვინმეს მოთხოვნით ჩაბარებას, რადგან არ გვსურს, ქვეყანამ კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში გააგრძელოს ცხოვრება“, – აცხადებს პრიგოჟინი აუდიომიმართვაში.

იგი საუბრობს მაღალჩინოსანზე, რომელიც უკრაინასთან ომისთვის გამოყოფილ თანხებს იპარავს, ისევე როგორც აფრიკისთვის გამოყოფილი ფული მოიპარა, თუმცა კონკრეტულ ვინაობას არ ასახელებს. სავარაუდოდ, პრიგოჟინს რუსეთის თავდაცვის მინისტრი – სერგეი შოიგუ ჰყავს მხედველობაში..

მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა

განახლებადი ინფორმაცია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close