საზოგადოება

გაჩნდება თუ არა საქართველოში კრემატორიუმი? – რას გვასწავლის საბერძნეთის გამოცდილება

12 ივნისს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში კრემაციის მომსახურების საკითხები უნდა დაარეგულიროს. კანონპროექტის ინიციატორია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონის 140-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს „ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენციის გაცემას“.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი და ეს საქმიანობები მოიცავს „გვამის მომზადებას დაკრძალვის ან კრემაციისათვის და დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურებას“ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მიცვალებულთა კრემაციას, ქვეყნაში ასეთი სერვისების მიღება შეუძლებელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მსგავსი ტიპის საქმიანობას დაარეგულირებს.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებამდე UNDP-ის მხარდაჭერით მომზადდა ვრცელი კვლევა საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. გამოკვლევის მიზანი იყო როგორც სერვისზე მოთხოვნის შესწავლა, ისე ამ სერვისის არსებობის ხელისშემშლელი ფაქტორების, კრემაციის სერვისის დანერგვის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი და, რაც მთავარია, არჩევანის უფლების შესახებ აქცენტების დასმა.

ხათუნა სამნიძე, კანონპროექტის ინიციატორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ არჩევანის უფლების გაჩენაა – თუკი ადამიანს სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მის ნეშტს გაუკეთდეს კრემაცია, მას საკუთარ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს ამ სერვისის მიღების შესაძლებლობა და ამისათვის ოჯახის წევრებს ნეშტის სხვა ქვეყნებში გაგზავნა არ უნდა უწევდეთ, რაც გარდა ემოციური სირთულისა, დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ისარგებლებს თუ არა ვინმე კრემატორიუმის მომსახურებით?

გამოკვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ გლობალური ტენდენციის მსგავსად, კრემაციის სერვისებზე მოთხოვნა „დემონსტრირებულად იზრდება საქართველოშიც“. 2022 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 6% ნამდვილად გამოიყენებდა კრემაციას, 9% %-ისთვის კი უფრო მისაღებია, ვიდრე მიუღებელი.

გამოკითხული მოსახლეობის 60%-ისთვის სრულიად მიუღებელია კრემაცია.

ამავე გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლამდე, საქართველოში კრემაციის სერვისის იმპორტი ძირითადად ხდებოდა რუსეთისა და უკრაინის კრემატორიუმების მეშვეობით. სერვისის საერთო ღირებულება კი შეადგენდა 6 000-დან და 10 000 ლარამდე, ტრანსპორტირებისა და საჭირო დოკუმენტების მომზადების ჩათვლით.

გამოკვლევის თანახმადვე, ყოველთვიურად საქართველოში კრემაციის სერვისის იმპორტის 2-3 შემთხვევა ფიქსირდება.

კრემაციის საერთაშორისო გამოცდილება

საინტერესოა საბერძნეთის გამოცდილება, სადაც საკანონმდებლო ჩარჩო კრემაციის შესახებ 2006 წელს შევიდა ძალაში. კანონის თანახმად, საბერძნეთში ნებადართული გახდა იმ პირების კრემაცია, რომელთა რელიგიური მრწამსიც ამის უფლებას იძლეოდა. კრემაციისთვის აუცილებელი იყო გარდაცვლილის მიერ წინასწარ შედგენილი ან ნათესავების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი განაცხადი.

2010 წელს ძალაში შევიდა დოკუმენტი საჯარო კრემატორიუმების ტექნიკური სტანდარტების შესახებ. კერძოდ, ლიცენზირების, ტექნიკური აღჭურვილობის, უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის შესახებ. რაც შეეხება კერძო კრემატორიუმებს, მათი ოპერირება ლეგალური გახდა 2017 წლიდან, ხოლო სტანდარტები განისაზღვრა მომდევნო, 2018 წელს.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საბერძნეთში კრემაცია 2006 წლიდან ლეგალურია და არსებობს შესაბამისი სტანდარტებიც, საჯარო კრემატორიუმი დღემდე არ არსებობს. ამის მიზეზად სახელდება მუნიციპალური ფართის სიმცირე. ასევე, წინააღმდეგობა და წნეხი მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან.

საბერძნეთში არსებული ერთადერთი კრემატორიუმი კერძოა, რომელიც მოქმედებს 2019 წლიდან. რაც შეეხება კრემაციის წილს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაში, 2019 წელს, ეს იყო 0.39 %, 2020 წელს – 2.3%, ხოლო 2021 წელს – 3.77% (447, 2864 და 3971 რიტუალი).

შემოკლებული ვერსია. სრულად წაიკითხეთ აქ: radiotavisupleba.ge/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close