იტალიაკრიმინალი

ტრაგედია ნეაპოლში – 79 წლის მამაკაცმა საკუთარი 54 წლის ვაჟი მოკლა ქონებრივი დავის გამო

12 ივნისს იტალიაში, ნეაპოლის პროვინციაში, წყნარ პატარა ქალაქ მარილიანელაში ოჯახური ტრაგედია დატრიალდა: 79 წლის მამაკაცმა საკუთარი 54 წლის შვილი მოკლა და სასოწარკვეთილმა ცოტა ხანში ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა, – ამის შესახებ „კორიერე დელა სერა“ წერს

სასტიკი ჩხუბი მარილიანელაში, რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა,  79 წლის ტელესფორო ბასოსა და მის 54 წლის შვილს – ჯუზეპეს შორის, სავარაუდოდ, ავტოსარემონტო სახელოსნოს გამო მოხდა მოხუცი კაცის სახლში. პენსიაზე გასული ყოფილი მექანიკოსი ჩხუბისას ისე განერვიულდა, რომ მივარდა თავის ვაჟს – ჯუზეპეს და რამდენჯერმე დაარტყა დანა, სანამ არ მოკლა. ამის შემდეგ ხანდაზმული მამაკაცი საკუთარ ავტომანქანაში ჩაჯდა, რამდენიმე კილომეტრი გაიარა და კასტელო დი ცისტერნას სასაფლაოს წინ მისულმა, როდესაც ალბათ საკუთარი ქმედება გააცნობიერა, პისტოლეტიდან გასროლით თავი მოიკლა. სისხლიანმა ტრაგედიამ შოკში ჩააგდო მშვიდი ქალაქი, რომელიც ძალიან იშვიათად ხვდება ახალ ამბებში მსგავსი ფაქტების გამო.

როგორც „კორიერე“ წერს, მამაც და შვილიც სამართალდამცავებისთვის ცნობილნი იყვნენ.

ცოტა მოგვიანებით მსხვერპლის – ჯუზეპეს 24  წლის ვაჟმა, რომელსაც პაპის სახელი – ტელესფორო ჰქვია, მამის ცხედარი აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულმა კარაბინერებმა სავარაუდო მკვლელის ძებნა დაიწყეს და დაახლოებით ნახევარ საათში იპოვეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი მოხუცი კაცი და თვითმკვლელობის იარაღიც.

ტელესფორო ბასო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მექანიკოსად Pomigliano d’Arco-ში, სადაც მაყუჩების ავტოსარემონტო სახელოსნოს მართავდა Mauro Leone-ს ქუჩაზე. იგი დიდი ხანია, პენსიაზე იყო და მთელ დროს საკუთარ სახლში, მშობლურ მარიანელაში ატარებდა.

პროკურატურის კოორდინაციით კარაბინერები მკვლელობას იძიებენ დანაშაულის მოტივის დეტალურად დადგენის მიზნით. უკვე დაკითხეს არაერთი მოწმე.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, როგორც ჩანს, ტრაგედიის საფუძველი გახდა იმ ავტოსარემონტო სახელოსნოს მართვასთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი საკითხები, სადაც ორივე მუშაობდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close