მოდა/სილამაზესაქართველო

იტალიაში „მის ევროპა კონტინენტალის“ კონკურსზე საქართველოს ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია წარადგენს

მიმდინარე წლის ნოემბერში იტალიაში, ნეაპოლში „მის ევროპა კონტინენტალის“ სილამაზის კონკურსი გაიმართება. ამ კონკურსში საქართველოს „პოსტივის“ წამყვანი, 35 წლის თამთა კვარაცხელია წარადგენს. ამ პრესტიჟული კონკურის მიმდინარეობა ტელეეთერით მსოფლიოს 50 ქვეყანაში გადაიცემა.

კონკურსის ორგანიზატორებმა თამთა სოციალურ ქსელებში წელიწად-ნახევრის წინ იპოვეს და მონაწილეობა შესთავაზეს. თავიდან იუარა, შემდეგ ეს გამოწვევა მიიღო და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობდა, რადგან უფლება არ ჰქონდა.

„ამის დაჯერება თავადაც მჭირს. არ ვიცი, საიდან, როგორ მიაწოდა ჩემი მონაცემები, თუ თავად მიპოვეს ინტერნეტში, მაგრამ წლინახევრის წინ დამიკავშირდნენ. თავდაპირველად ხუმრობა მეგონა. საქართველოშიც არ მიმიღია სილამაზის კონკურსში მონაწილეობა, არამცთუ ევროპაში. შემდეგ ისე დაჟინებით დაიწყეს შეტყობინებების გამოგზავნა, დავინტერესდი, და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ძალიან პრესტიჟული კომპანია, რომელიც ასევე ძალიან ცნობილ კონკურსს ატარებდა.

ავუხსენი მათ, რომ მე ამ კონკურსში არ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ვერ 35 წლის, არ მაქვს მოდელის პარამეტრები და ა.შ., მაგრამ დამარწმუნეს, რომ ჩემი ყველა მონაცემი აკმაყოფილებდათ. ბოლოს ჩემი მშობლების და მეგობრების ჩართულობით დავთანხმდი…“ – უყვება თამთა კვარაცხელია ჟურნალ „სარკეს“.

„პოსტივის“ წამყვანს გამოწვევების არ ეშინია, ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუ „ამტანებში“, რომელიც „მაესტროზე“ გადიოდა, შემდეგ „პირველ სტერეოზე“ მიჰყავდა გადაცემა, მოგვიანებით გახდა საერთაშორისო ბრენდ Instyle-ის  მთავარი რედაქტორი. ამ პერიოდში მის პირად ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა.

„სიყვარულით შევქმენით ოჯახი, შეგვეძინა ვაჟი, ბედნიერი ვიყავი, მქონდა საინტერესო საქმე, მყავდა მზრუნველი მეუღლე, პატარა შვილი… 2016 წელს ვანიკო მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. არასდროს არაფერი აწუხებდა. შემდეგ გაირკვა, რომ მის პაპას ახალგაზრდა ასაკში გულმა უმტყუნა. არ ვიცი, შეიძლება, ჩემს მეუღლესაც ჰქონდა გულის პრობლემა, რომელიც დაფარული იყო…“

ამ ტრაგედიის გამოც გადაწყვიტა გარიდებოდა გლამურულ სფეროს და უფრო მშვიდი, სტაბილური და მეტად ანაზღაურებადი სამსახური ეშოვა. ასე გადაინაცვლა ფოტოსესიებიდან, ვიდეოგადაღებებიდან და მოდური წვეულებებიდან ფინანსურ სექტორში.

ფინანსური განათლება არ ჰქონდა, ამიტომ კარიერის აწყობა დაბალი პოზიციიდან დაიწყო. ძალიან ბევრს მუშაობდა და წარმატებამ ამ სფეროშიც არ დაიგვიანა – რვა წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი პოზიციები ეკავა.

2018 წლიდან კი თამთა საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა – საერთაშორისო ბრენდის, ჟურნალ HELLO!-ს მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. პარალელურ რეჟიმში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო წამყვან ბრენდთან, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

ამ ეტაპზე „პოსტ ტვ-ში“ მუშაობის გარდა, არის  ფრილანსერი, ქმნის პროექტებს პიარმარკეტინგის მიმართულებით, არის „ივენთების“  მაღალანაზღაურებადი წამყვანი.

თამთა მარტოხელა დედაა, პატარა ბიჭუნას, 11 წლის გეგას ზრდის. შვილთან ერთად ცალკე ცხოვრობს  სახლში, რომელიც, მისივე თქმით, საჩუქრად მიიღო.

კონკურსანტისთვის, მით უფრო სილამაზის სფეროში, ქარიზმა და მომხიბვლელობა საკმარისი არ არის, აგრეთვე, საჭიროა ფსიქოლოგიურად ძლიერი და მიზანსწრაფული იყო. ეს სწორედ ის თვისებებია, რომლებიც თამთა კვარაცხელიას ნამდვილად ახასიათებს.

„მჯერა საკუთარი თავის, უფლის, ჩემი შვილისა და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომის, რომლებიც ცხოვრების რთულ და საინტერესო გზაზე ყოველ წამს მაძლიერებენ“, – ამბობს თამთა.

ვუსურვებთ თამთას ამ ახალი გამოწვევის წარმატებებით გადალახვას და პრესტიჟულ კონკურსზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას, მით უფრო, რომ „მის ევროპის“ კონკურსში გამარჯვების ტრადიცია ქართველებს გვქონია – 1905 წელს პარიზში გამართულ სილამაზის კონკურსში კასპელმა ეკატერინე თარხნიშვილმა გაიმარჯვა.

 

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close