პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 ადამიანი დააკავა, მათგან 37 ნარკორეალიზატორია ( ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.
„სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი, ჰეროინი, სუბუტექსი, ჰაშიში, მდმა ალფა-პვპ, სუბოქსინი ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, მეტამფეტამინი, მეტადონი, ტრამადოლი, მეფედრონი, ამფეტამინი, მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი. ასევე, ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები