მსოფლიოპოლიტიკა

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

თურქეთში 14 მაისს  ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების დაახლოებით 99.4%-ის მონაცემები.

ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49,42% აქვს. მას 26.8 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, თუმცა ერდოღანი მარცხდება სამ უდიდეს ქალაქში – ანკარაში, იზმირსა და სტამბოლში.

მეორე ადგილზეა ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ – 44,95%-ით. მან 24,4 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

მესამე ადგილზეა სინან ოღანი – 5,20%-ით. მას 2.8 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო უბნების 99.27%-ის მონაცემების დათვლის შედეგად, ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ 49.37% აქვს და ახალი მოწვევის პარლამენტში 266 დეპუტატი ეყოლება, ნაკლები, ვიდრე წინა პარლამენტში, თუმცა კოალიციაში შემავალ პარტნიორებთან ერთად უმრავლესობას შეინარჩუნებს 323 დეპუტატით.

თურქეთში ხმის დათვლის პროცესი დასასრულს უახლოვდება. პარტიებს საოლქო კომისიებში შედეგების გასაჩივრება 16 მაისამდე (ჩათვლით) შეუძლიათ. არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება და თუ ამჟამად არსებული მონაცემები არ შეიცვლება და თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი ან მისი მთავარი კონკურენტი 50%-იან მიჯნას ვერ გადალახავენ (დიდი ალბათობით, ვერ გადალახავენ),  28 მაისისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close