როგორ გამოვიყენოთ GOOGLE-ის საძიებო ფუნქციები სწორად?
დარწმუნებული ვარ, Google-ის საძიებო სისტემის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება… მას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს და ყოველ ჩვენგანს სხვადასხვა დანიშნულებისთვის გვჭირდება – მოთხოვნების მიუხედავად, კომპანია ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას ერთ სივრცეში უყრის თავს და ერთგვარი საცავის პრინციპით გვიზიარებს მასალებს.
სტატიაში კი რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ, რათა გუგლის საძიებო სისტემის გამოყენება უფრო ეფექტურად, სასურველი შედეგების მისაღებად შეძლოთ.
1. გამოიყენეთ ბრჭყალები
რაიმე კონკრეტულის ძიებისას შეეცადეთ, გამოიყენოთ ციტატები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ მასალების რაოდენობა. როდესაც საძიებო სიტყვებს ბრჭყალებში სვამთ, სისტემა ავტომატურად აცნობიერებს, რომ მთლიან ფრაზას ეძებთ – ყოველგვარი წყვეტის ან ცალკეული სიტყვების გარეშე.
მაგალითად, თუ მოძებნით Puppy Dog Sweaters-ს, სისტემა იფიქრებს, რომ ამ სამი სიტყვის ნებისმიერი კომბინაცია გაწყობთ – თუნდაც მხოლოდ ერთ მათგანს შეიცავდეს მოძიებული ინფორმაცია.
ხოლო თუ „Puppy Dog Sweaters“-ს ჩაწერთ, გუგლი ზუსტად ამ თანმიმდევრობით დაიწყებს მასალის მოძიებას. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდი კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებაში დაგეხმარებათ, რომელიც შეიძლება მილიონობით შედეგს შორის იყოს ჩაკარგული.
ის მოძებნის ამ ფრაზას ზუსტად ისე, როგორც თქვენ აკრიფეთ. ეს დაგეხმარებათ, იპოვოთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ჩაფლული იყოს სხვა შინაარსის ქვეშ, თუ სწორად არ არის დალაგებული.
2. გამოიყენეთ ტირე
ზოგჯერ შეიძლება ისეთ რაღაცას ეძებდეთ, რომ კონკრეტული სიტყვა ორაზროვანი მნიშვნელობით აღიქმებოდეს. ამის მაგალითია Apple… როდესაც Google-ში Apple-ს წერთ, ან ხილისკენ წავა ალგორითმი, ან ყველასათვის ცნობილი ბრენდისკენ. ასეთ შემთხვევაში ტირეს მიწერით გამორიცხავთ, რომელ პროდუქტს არ გულისხმობთ, მაგალითად: Apple – ხილი. ამ შემთხვევაში საძიებო სისტემა მიხვდება, რომ ბრენდს არ ეძებთ.
3. ინფორმაციის კონკრეტულ ვებგვერდებზე მოსაძიებლად გამოიყენეთ ორწერტილი
შესაძლოა, გახსოვდეთ, რომ რაიმე თემაზე საინტერესო სტატია რომელიღაც კონკრეტულ ვებგვერდზე წაიკითხეთ. ასეთ დროს ორწერტილის გამოყენება დაგეხმარებათ… მაგალითად: AI in the Art:bbc.com
იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ თემაზე უამრავი მედია წერს და ხშირად ბევრის კონტექსტიც ვერ ემთხვევა ჩვენსას, ვებგვერდის ამგვარად მითითება დიდ დროს დაგიზოგავთ.
4. გამოიყენეთ ფიფქის (*) სიმბოლო
რეალურად, ფიფქის სიმბოლო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა გუგლის საძიებო სისტემაში. გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა რაიმე ფრაზა ან ფილმის/წიგნი/სიმღერის სათაური ზუსტად არ გახსოვთ და მხოლოდ ცალკეული სიტყვები გიტივტივებთ გონებაში? *-ის სიტყვებს შორის გამოყენებით გუგლის საძიებო სისტემა ავტომატურად შეავსებს ამ გამოტოვებულ სიტყვებს.
მაგალითად: “Come * right now * me”
5. იპოვეთ საყვარელი ვებგვერდების მსგავსი ალტერნატივები
ეს არის უნიკალური ფუნქცია, რომლის გამოყენებაც ყველა ჩვენგანს წაადგება საქმეში. მაგალითად, თუ ონლაინ შოპინგის მოყვარული ხართ, მაგრამ ნაცნობ საიტებზე აღარ მოგწონთ პროდუქცია, ალტერნატივის ძიების დროა. ამისათვის კი მარტივი კომბინაცია გჭირდებათ — related:amazon.com
ამ შემთხვევაში სიტყვა related საკვანძოა და ნებისმიერ ვებგვერდს მიესადაგება.
6. რამდენიმე სიტყვის ერთდროულად მოძიება
ყოველთვის ერთი მცდელობით ვერ ვიპოვით იმას, რაც რეალურად გვსურს და ალბათ ამიტომაც აღმოვჩნდებით ხოლმე „უიმედოთა სივრცეში“ – ანუ გუგლის მეორე გვერდზე… თუმცა მისი საძიებო სისტემა იმაზე მოქნილია, ვიდრე ფიქრობთ. ამ ხრიკის მეშვეობით, შესაძლებელია ერთზე მეტი სიტყვის ან ფრაზის ერთდროულად მოძებნა:
„საუკეთესო გზები სამსახურის გასაუბრებისთვის მოსამზადებლად“ or „როგორ მოვემზადოთ სამსახურის გასაუბრებისთვის“
ცხადია, აქ მთავარ როლს „OR“ ითავსებს.
7. თანდათან დაამატეთ საძიებო ტერმინები
თავად ტექნიკური გიგანტი გვირჩევს, რომ ძიება ჯერ მარტივი და მცირე რაოდენობის სიტყვებით დავიწყოთ, შემდეგ კი ეტაპობრივად დავამატოთ – რა თქმა უნდა, თუ პირველივე ჯერზე ვერ ვიპოვით იმას, რაც გვაკმაყოფილებს.
ამისათვის ერთგვარი შაბლონიც კი არსებობს:
- პირველი ცდა: სამსახურის გასაუბრება
- მეორე ცდა: სამსახურის გასაუბრებისთვის მომზადება
- მესამე ცდა: როგორ მოვემზადოთ სამსახურის გასაუბრებისთვის
რეალურად, ეს თანდათან დახვეწს ძიების შედეგებს, რათა ალგორითმმა ნაკლები და მიზანმიმართული შედეგები მოგაწოდოთ. მიზეზი, რის გამოც პირველი მცდელობიდან მესამეზე პირდაპირ არ გადადიხართ, არის ის, რომ შეიძლება სასურველი შედეგიც ჩაგეკარგოთ.
8. გამოიყენეთ სიტყვები, რომლებსაც ვებგვერდები გამოიყენებდნენ
ხშირად ადამიანები ისე „გუგლავენ“, როგორც ერთმანეთში საუბრობენ, თუმცა ვებგვერდებზე ისე არ ვწერთ, როგორც ყოველდღიურობაში ვემესიჯებით ერთმანეთს – ვცდილობთ, უფრო მეტად პროფესიული ენა გამოვიყენოთ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ დაგუგლოთ – „საბურავები მაქვს გაფუჭებული“, ჩაწერეთ – „საბურავის გამოცვლა“; „თავი მტკივა“ შეცვალეთ ამ ფრაზით – „თავის ტკივილის შემსუბუქება“.
9. გამოიყენეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი სიტყვები
როდესაც ძალიან ბევრ სიტყვას ეძებთ, ამან შეიძლება საკმაოდ შეზღუდოს თქვენი შედეგები. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება რეალურად მეტი დრო დაგჭირდეთ იმის საპოვნელად, რასაც ეძებთ. ამრიგად, მიზანშეწონილია, მხოლოდ აუცილებელი სიტყვები გამოიყენოთ.
მაგალითად, არ გამოიყენოთ: სად ვიპოვო ჩინური რესტორანი, რომელსაც მიტანის სერვისი აქვს.
ამის ნაცვლად, დაწერეთ: ახლომდებარე ჩინური რესტორნები.
10. იპოვეთ კონკრეტული ფაილი
ხშირად გვავიწყდება ამ არაჩვეულებრივი ფუნქციის შესახებ, რომელიც კონკრეტული ფაილის ტიპის მოძიების შესაძლებლობას გვაძლევს. მაგალითად, თუ ზუსტად იცით, რომ სადისერტაციო ნაშრომის PDF ფაილი გჭირდებათ, ბევრ მონაცემში ჩაკარგვის ნაცვლად შეგიძლიათ, პირდაპირ მიუთითოთ საძიებო ველში: *AI in our life* filetype:pdf
ამ შემთხვევაში ძირითად როლს filetype ითავსებს, მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგარი სიტყვების კომბინაციები კი საჭიროების მიხედვით იცვლება.
კომენტარები