80-ს მიტანებული რობერტ დე ნირო მეშვიდე შვილის მამა გახდა
ბავშვს ჯინა ვირჯინია ჩენ-დე ნირო დაარქვეს
ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნირო, რომელიც აგვისტოში 80 წლის ხდება, მამა მეშვიდედ გახდა. მან ამის შესახებ თავად განაცხადა ET Canada-სთან ინტერვიუში. როდესაც რეპორტიორმა აღნიშნა, რომ მსახიობს 6 შვილი ჰყავდა, დე ნირომ ჩაუსწორა: „სინამდვილეში – შვიდი. ახლახან დაიბადა“. მოგვიანებით დე ნიროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რობერტის განცხადება ხუმრობა არ იყო.
რობერტ დე ნიროს არც შვილის სქესი დაუკონკრეტებია და არც დედის ვინაობა გაუმხელია, თუმცა უცხოურ მედიასივრცეში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მას შვილი ტიფანი ჩენისგან ეყოლა, რომელსაც უკვე ორ წელზე მეტია ხვდება.
„ოსკაროსანი“ მსახიობისა და საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორი ქალის რომანზე პირველად 2021 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც საფრანგეთის სანაპიროზე, იახტაზე მათ ერთად აღნიშნეს რობერტ დე ნიროს 78 წლის იუბილე. შემდეგ წყვილი პაპარაცების ობიექტივში ესპანეთში მოგზაურობისას მოხვდა. მათ ერთმანეთი 2015 წელს ფილმ „სტაჟიორის“ გადაღების დროს გაიცნეს.
ახლახან მსახიობი CBS-ის დილის შოუში იყო მიწვეული, სადაც საიდუმლოს ფარდა ახადა და შვილის სქესი და სახელი გაამხილა: „ჩვენი ქალიშვილი 6 აპრილს დაიბადა, 3 კგ. ეს ბავშვი დაგეგმილი იყო. ჩვენ ორივეს გვინდოდა შვილი და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვართ“ .
წყვილმა გოგონას ჯინა ვირჯინია ჩენ-დე ნირო დაარქვა.
ცნობილი მსახიობის ქალები და შვილები
რობერტ დე ნირო ორჯერ იყო დაქორწინებული. მას მსახიობ და მომღერალ დაიან ებოტთან ვაჟი, რაფაელი (ახლა ის 46 წლისაა) შეეძინა და, ასევე, ცოლის ქალიშვილი, დრენა (51 წლის) იშვილა. შემდეგ მას ტყუპი ვაჟი შეეძინა, ჯულიან და აარონ დე ნიროები (ამჟამად 28 წლისები) ყოფილ მოდელ ტუკი სმიტთან, რომელსაც 1988-1996 წლებში ხვდებოდა. მეორე ცოლთან, ყოფილ სტიუარდესა გრეის ჰაიტაუერთან დე ნიროს ჰყავს ვაჟი, ელიოტი (25 წლის) და სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ქალიშვილი, ჰელენი (11 წლის).
თამთა გურული
კომენტარები