მსოფლიოსაზოგადოება

სითბური ტალღები გვიახლოვდება – რომელ ქვეყნებს ემუქრება ეს ყველაზე მეტად

გლობალური ტემპერატურა საგანგაშოდ იმატებს, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში უფრო ხშირი სითბური ტალღებია მოსალოდნელი. ამისთვის მოსამზადებლად უნდა ვიცოდეთ, რომელი ქვეყნებია ყველაზე დიდი რისკის ქვეშ. მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში სწორედ ასეთი არეალები გამოავლინეს, თანაც სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, პოპულაციის ზრდა, ენერგიის წყაროების სტაბილურობა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაც გაითვალისწინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, ავღანეთი, პაპუა-ახალი გვინეა და ცენტრალური ამერიკა სითბურ ტალღებთან დაკავშირებული საფრთხეების წინაშე სხვა რეგიონებზე მეტად დგას. პოტენციური საშიშროების მიმართ მოწყვლადია ჩინეთიცა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიც, სადაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ ამ ადგილებში მცხოვრები ადამიანები ყველაზე უარესისთვის უნდა იყონ მზად.

მათი თქმით, სახელმწიფოების უმეტესობა ადრინდელი გამოცდილებების მიხედვით ემზადება, მაგრამ ეს არ კმარა, რადგან ის, რაც მომავალშია მოსალოდნელი, ბევრად მწვავე იქნება. ამის მიზეზი ჩვენი სამრეწველო საქმიანობით პროვოცირებული კლიმატის ცვლილებაა, რომელიც სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის.

ავტორებმა დასკვნების გამოსატანად უახლესი კლიმატური მოდელები, გლობალური პოპულაციის შესახებ არსებული მონაცემები და მწვავე კლიმატური მოვლენების განმეორების შანსის განმსაზღვრელი მეთოდი გამოიყენეს. კერძოდ, საუბარია სითბურ ტალღებზე, რომლებიც ბოლო 60 წელში 136 გამოკვლეული რეგიონის 31 პროცენტში დაფიქსირდა.

სითბური ტალღები შესაძლოა, ადამიანების სიკვდილის მიზეზად იქცეს, ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელება გააძნელოს, მეურნეობაზე სავალალო შედეგი იქონიოს და ტყის ხანძრებს დაედოს საფუძვლად. შესაბამისად, ასეთი მაღალი ტემპერატურა მრავალმხრივ გვიქმნის საფრთხეს. სამაგიეროდ სათანადო მზადყოფნა თავდაცვის საშუალებას მოგვცემს და ამ მიზეზით სიკვდილიანობასაც შეამცირებს.

ამისთვის, მაგალითად, რეკომენდებულია ურბანული გარემოს გაგრილება და სამუშაო საათების შემცირება ან მონაცვლეობა. განსაკუთრებით რისკის წინაშეა განვითარებადი ქვეყნები, რომელთაც ასეთი თავდაცვითი გეგმა არ აქვთ შემუშავებული. ავტორთა აზრით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პარალელურად ეს პრობლემაც უნდა გამოსწორდეს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close