ვიდეოქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიხელოვნება

„რა იქნება, თქვენ მახლობლად მეც ვიყო“ – დოდონა ნამორაძის პირველი კონცერტი ათენში (ვიდეო)

არა, ნამდვილად არ შემშლია და ალბათ მხოლოდ მე არ მივმხვდარვარ, რომ ამ სიმღერიდოდონა ნამორაძე ათენში გამართულ თავის პირველ კონცერტზე ქართველ ემიგრანტებს მოეფერა.

ინტერვიუშიც დამიდასტურა: „ამ კონცერტმა უკვე ცოცხლად დამანახვა ხალხის სიყვარული, სცენაზე პირველივე გამოჩენისას „დოდონა, დოდონას“ შეძახილებზე კინაღამ ვიტირე, საოცარი ემოციები იყო“. ამ ემოციებით დატვირთულმა, ქართული მონატრებული ჰანგებით დაატკბო არა მარტო ქართველი, არამედ ბერძენი მსმენელიც. უნდა აღინიშნოს, რომ დარბაზში, უბრალოდ, მუსიკის მოყვარული ბერძნების გარდა საპატიო სტუმრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ათენში დოდონას პირველი კონცერტის გამართვის ინიციატორმა და ორგანიზატორმა, „განათლებისა და კულტურის ცენტრ კავკასიის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ავთანდილ მიქაბერიძემ მოიწვია.

საპატიო სტუმრებს შორის იყო ყველა ქართველისთვის საყვარელი ბერძენი მომღერალი, ჟურნალისტი და მწერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2011 წელს მიენიჭა) იოვანა, რომელმაც გზა დაულოცა დოდონას. იოვანამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის ქართველების დამოკიდებულება მისდამი: „როდესაც კითხვა მიჩნდება, თუ რისთვის მოვევლინე სამყაროს, რა გამიკეთებია სასარგებლო ცხოვრებაში, მაშინვე მახსენდება ის უდიდესი სიყვარული, რაც  ქართველებმა მაჩუქეს, სწორედ ეს დიდი სიყვარული მათბობს დღემდე“. ამ გულწრფელი აღიარების შემდეგ მან კიდევ ერთხელ, ამჯერად ა კაპელა დაატკბო „გეორგიანელები“ და არა მარტო ისინი განუმეორებელი „თბილისოს“ მისეული განსაკუთრებული ხიბლით სავსე შესრულებით.

სტუმართა შორის იმყოფებოდნენ თამთას (გოდუაძე) დედა, ქალბატონი დარეჯანი და ბერძენი მომღერალი მარია სტავროპულუ, რომელიც ბერძნული Voice-ის წლევანდელი მონაწილის, სელინას დედაა. მოგეხსენებათ, „ვოისში“ ე. წ. რინგის ტურში დოდონამ და სელინამ არაჩვეულებრივად იმღერეს, დოდონამ გაიმარჯვა, სელინა კი ჟიურიმ გადაიყვანა შემდეგ ეტაპზე. კონკურსის დროს ისინი დამეგობრდნენ და ეს მეგობრობა დოდონას კონცერტით კიდევ უფრო განამტკიცეს. „დოდონაკი“ – ასე მიმართავს სელინა ჩვენს ნიჭიერ გოგოს, თავად დოდონა კი ამბობს, რომ სელინას სახით ახალი და შეიძინა

გოგონებმა 30 აპრილს კონცერტზე ის სიმღერა შეასრულეს ერთად, რომლითაც „რინგზე“ გავიდნენ Voice-ში. ინტერვიუში დოდონამ მითხრა, რომ სელინასთან ერთად „რინგზე“ გასვლა ძალიან უმძიმდა, მაგრამ მის გამარჯვებას ჩრდილი არ მიუყენებია ახალწამოწყებული მეგობრობისთვის, პირიქით, უფრო გააძლიერა.

კონცერტზე მოწვეულმა კიდევ ერთმა საპატიო სტუმარმა, ცნობილმა ბერძენმა ბიზნესმენმა დიმიტრიოს თეუფილუმ ქართველი და ბერძენი მუსიკოსების მიერ ორ ქვეყანას შორის აგებული მეგობრობის ხიდების შესახებ ისაუბრა. მან გაიხსენა გასული საუკუნის მაესტრო ოდისეას დიმიტრიადისი, რომელიც უნიკალურ კონცერტებს მართავდა ელადაში სახელმწიფო ორკესტრთან ერთად, შემდეგ ეს გზა მისმა მოსწავლემ, ჯანსუღ კახიძემ გააგრძელა. მასწავლებელიც და მოსწავლეც ძალიან უყვარდა ბერძენ მსმენელს. ოდისეას დიმიტრიადისი თბილისის ოპერის ბაღშია დაკრძალული. „თაობები და თაობები აგრძელებენ და გააგრძელებენ ამ ხიდების მშენებლობას, ამის მაგალითია სელინასა და დოდონას მეგობრობა“, – ასე დაასრულა გამოსვლა დიმიტრიოს თეუფილუმ, რასაც მაყურებლის აპლოდისმენტები მოჰყვა.

დოდონამ ინგლისურენოვანი სიმღერებიც შეასრულა, მაგრამ უფრო მეტი დრო ქართულებს დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მომღერალი კონცერტის მეორე ნაწილში ძველბერძნული სტილის კაბაში გამოვიდა სცენაზე, რითაც პატივი მიაგო უძველეს ბერძნულ კულტურას და, ამავე დროს, ბერძენ მსმენელებს.

კონცერტის შემდეგ ერთ-ერთ დამსწრეს, ქალბატონ ნანა მიქაუტიძეს გავესაუბრე: „როცა დოდონამ ბერძნულ Voice-ში მიიღო მონაწილეობა, აშკარად ბრწყინავდა და გამოირჩეოდა სხვა მონაწილეებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ მას ბერძენმა მსმენელმაც მისცა ხმა, მხოლოდ ემიგრანტების ხმებით ვერ გავიდოდა ფინალში. დოდონამ უამრავი ლამაზი საღამო გვაჩუქა, გაგვახარა, გაგვალაღა და გაგვაამაყა. აუცილებლად უნდა დავსწრებოდი მის კონცერტს.

მადლობა ამ ლამაზი საღამოს ორგანიზატორებს. უბრალოდ, რაზეც მთელი კონცერტის მსვლელობისას ვფიქრობდი და მაკლდა, ეს იყო დოდონას სახე უკან ეკრანზე. მისი თითოეული გამოსვლა თითქოს მინი სპექტაკლია და დოდონას შესრულების მანერა, სახის გამომეტყველება უკეთესად აღსაქმელი იქნებოდა ეკრანიდან, რაც შოუს ელემენტებს შესძენდა კონცერტს. მხოლოდ ეს დამაკლდა, სხვა მხრივ დიდი ემოციებით სავსე უთბილესი საღამო იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დოდონას და მისი კონცერტის ორგანიზატორებს“.

ია თულაშვილი

ათენი, 2023 წლის 2 მაისი

p. s. რა გეგმები აქვს დოდონას სამომავლოდ?

„ინგლისში ვაპირებ წასვლას, იმედია, ყველაფერი გამომივა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რა შემმატა ათენში გამართულმა კონცერტმა, გიპასუხებთ, რომ კიდევ ერთხელ დავინახე და უფრო მეტად დავრწმუნდი, თუ რა ძალიან მიყვარს სცენაზე დგომა, კიდევ უფრო გავძლიერდი და მზად ვარ, ჩემი მიზნების განსახორციელებლად უფრო დიდი შემართებით ვიბრძოლო“, – გამანდო ახალგაზრდა მომღერალმა თავისი უახლოესი გეგმები, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ, შემპირდა, რომ როდესაც ყველაფერი გაირკვევა, დეტალებს მაშინ გამიმხელს. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამ მიზანსაც მიაღწევს, რადგან საამისოდ ყველაფერი აქვს – ნიჭი, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა, ასევე, სცენისთვის ასე აუცილებელი შარმი და არტისტიზმიც.

ზურგის ქარი ვუსურვოთ დოდონას ამ დიდ მოგზაურობაში!

ვისაც გული გწყდებათ, რომ ამ შესანიშნავ კონცერტზე დასწრების საშუალება არ მოგეცათ, გთავაზობთ ვიდეოჩანაწერებს.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close