საზოგადოებასაქართველო

2022 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 47 710-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით (47 710 ადამიანი) მეტია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება უარყოფითი იყო,  -6 799, მიგრაციული სალდო კი (ქვეყნიდან გასულ ემიგრანტთა – 125 269  და შემოსულ იმიგრანტთა – 179 778 რაოდენობებს შორის სხვაობა) დადებითი, 54 509.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, მათ შორის, დედაქალაქ თბილისის მოსახლეობა საქართველოს მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტია, შრომისუნარიან ასაკში (15-64 წელი) მყოფი მოსახლეობის წილი – 63.8 პროცენტი, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტი.

2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი (მილიონ 793.8 ათასი) კაცია, ხოლო 52 პროცენტი (მილიონ  942.5 ათასი) – ქალი . აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა ქალების რიცხოვნობაზე მეტია, ხოლო 35 წლის ასაკიდან კი – პირიქით, ქალების რაოდენობა მეტია, რაც კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობითაა გამოწვეული.

საქსტატის ცნობით, 2021 წელთან შედარებით 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის, კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close