სპორტი

„ნაპოლი“ სტუმრად „მილანთან“ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ხვიჩა კვარცხელიას „ნაპოლი“ „მილანთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

მილანის სტადიონ „სან სიროზე“ გამართულ შეხვედრაში ნეაპოლელებს ფორვარდები, ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი სიმეონე დააკლდათ, ლუჩანო სპალეტიმ შემადგენლობაში ჯაკომო რასპადორის დაყენებაც ვერ გარისკა და ცენტრალურ თავდამსხმელად ელიფ ელმასი ვიხილეთ.

ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა და „მილანი“ გადაარჩინა. ხვიჩამ მე-10 წუთზეც სცადა კარის აღება და მცველისგან ბურთი კუთხურზე გავიდა.

„მილანმა“ პირველი რეალური საგოლე შანსი რაფაელ ლეაოს თამაშის შემდეგ შექმნა, მაგრამ პორტუგალიელმა კარს ააცილა, თუმცა მასპინძლებმა მე-40 წუთზე ანგარიში მაინც გახსნეს. ბრაჰიმ დიასის წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა ისმაელ ბენასერმა გოლით დააგვირგვინა და „მილანმა“ ტაიმი 1:0 მოიგო.

„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და 50-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. ხვიჩას გადაცემის შემდეგ ელიფ ელმასის დარტყმული ბურთი „მილანის“ მეკარემ, მაიკ მენიომ მოიგერია. 74-ე წუთზე კი „ნაპოლი“ კაცნაკლული დარჩა, არბიტრმა ფრანკ ზამბო ანგისას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მალე ყვითელი ბარათი კორეელმა კიმ მინ ჯემ მიიღო და განმეორებით მატჩს ისიც გამოტოვებს, რაც რთულ საკადრო მდგომარეობაში მყოფი ნეაპოლელების საქმეს კიდევ უფრო ართულებს. ათი კაცით დარჩენილი „ნაპოლი“ შეეცადა, მთელი ძალები კარის დაცვაზე გადაეტანა, რათა უფრო დიდი ანგარიშით არ წაეგო, ლუჩანო სპალეტიმ 81-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა.

საოცარია, რომ კაცნაკლულ „ნაპოლის“ ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ორჯერ ჰქონდა, მაგრამ ჯოვანი დი ლორენცოსა და მატიას ოლივერას დარტყმები არაზუსტი გამოდგა.

საბოლოოდ, „მილანმა“ 1:0 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრამდე, რომელსაც „ნაპოლი“ უმასპინძლებს, მცირე უპირატესობა მიიღო. ლუჩანო სპალეტის გუნდი „როსონერის“ „სტადიო მარადონაზე“ 18 აპრილს მიიღებს.

1 tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close