სპორტი

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მორიგ მატჩში გაიმარჯვა და კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდა მეტოქეებისთვის

7 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი, „ლეჩე“ დაამარცხა სტუმრად ლეჩეში ანგარიშით 1:2 და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა.

გამარჯვების მიუხედავად ვერ ვიტყვით, რომ დღეს კვარას გუნდმა თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა კლასით მასზე ბევრად დაბლა მდგომ გუნდთან და რომ არა ავტოგოლი „ლეჩეს“ კარში, შესაძლოა შეხვედრა ფრედაც დამთავრებულიყო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ნაპოლის“ ფენომენალურმა ფორვარდმა და ხვიჩას განუყრელმა მეწყვილემ, ვიქტორ ოსიმენმა ეს თამაშიც გამოტოვა ტრავმის გამო.

ანგარიში მე-18 წუთზე „ნაპოლიმ“ გახსნა – მეტოქის კარი ჯოვანი დი ლორენცომ აიღო. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე „ლეჩემ“ ანგარიში გაათანაბრა –  გოლი ფედერიკო დი ფრანჩესკომ გაიტანა. 64-ე წუთზე კი ვლადიმირო ფალკონეს ავტოგოლის შემდეგ ისევ „ნაპოლი“ დაწინაურდა.

კიდევ რამდენიმე მომენტი იყო ორივე კართან, თუმცა გოლი აღარ გასულა და მატჩი „ნაპოლის“ გამარჯვებით დასრულდა, 1:2.

იტალიის ჩემპიონატის დამთავრებამდე 9 ტურით ადრე, 29-ე ტურის შემდეგ „ნაპოლის“ მონაგარი ასეთია: 24 მოგება, 2 წაგება, 3 ფრე და 74 ქულა. ამ დროისთვის სპალეტის გუნდი 19 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“, რომელსაც 29-ე ტურის მატჩი ჯერ არ უთამაშია.

იტალიის ჩემპიონატის, სერია A-ს მორიგ, 30-ე ტურში, 15 აპრილს „ნაპოლი“ „ვერონას“  შეხვდება ნეაპოლში, მარადონას სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე (ადგილობრივი დროით – 18:00 სთ-ზე).

მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში 12 აპრილს „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება სტუმრად მილანში. მატჩი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება (იტალიის დროით 21:00 სთ-ზე).

განმეორებითი შეხვედრა კი 18 აპრილს გაიმართება ნეაპოლში, იმავე დროს (23:00 სთ – თბილისის დროით, 21:00 სთ – იტალიის დროით).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close