ემანუელ მაკრონი საფრანგეთში აქტიური ევთანაზიის დაკანონებას გეგმავს უახლოეს თვეებში
საფრანგეთი შესაძლოა კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა გახდეს, სადაც უიმედო ავადმყოფებისთვის აქტიური ევთანაზია დაკანონდება. პრეზიდენტმა მაკრონმა მოუწოდა კანონმდებლებს, „სიცოცხლის დასრულების ფრანგული მოდელის“ კანონი უახლოეს თვეებში მიიღონ. ამის შესახებ მედია წერს.
მისი თქმით, მთავრობა აპირებს, შესაბამისი კანონპროექტი ზაფხულის ბოლოსთვის დაამტკიცოს.
გასულ წელს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 184 მოქალაქისგან შემდგარმა კომიტეტმა, რომელსაც პრეზიდენტმა ამ საკითხზე არასავალდებულო რეკომენდაციის შემუშავება დაავალა, 2 აპრილს „მომაკვდავთა აქტიური დახმარების“ ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. ისინი ამ თემაზე გასული წლის დეკემბრიდან მუშაობდნენ.
ემანუელ მაკრონის თქმით, კანონპროექტი სწორედ ამ კომიტეტის გადაწყვეტილებას ეფუძნება.
აქამდე საფრანგეთის მოქალაქე პაციენტები, რომლებიც აუტანელი ტკივილებისგან იტანჯებოდნენ და გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ, სიცოცხლის დასრულებისთვის იძულებულები იყვნენ, სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ, მათ შორის, მეზობელ ბელგიაშიც, სადაც ევთანაზია უკვე ლეგალიზებულია.
ამ დროისათვის საფრანგეთში მოქმედებს 2005 წელს მიღებული კანონი პასიური ევთანაზიის შესახებ, რომელიც გულისხმობს სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებაზე უარის თქმას, როგორც „სიკვდილის უფლებას“.
2016 წელს მიღებული კანონი კი ექიმებს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ხელოვნურ დახმარებაზე უარის თქმასთან ერთად, სედაციური საშუალებების უწყვეტად გამოყენების უფლებასაც აძლევს ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც აუტანელი ტკივილებისგან იტანჯებიან.
აქტიური ევთანაზია კი, როდესაც ექიმს პაციენტის ორგანიზმში მედიკამენტის სასიკვდილო დოზა შეჰყავს, საფრანგეთში ამ დრომდე აკრძალულია. ასევე, უკანონოა თვითმკვლელობაში ხელშეწყობა, როდესაც პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება იმაში, რომ საკუთარი სურვილით მოიკლან თავი.
როგორც France 24 სტატიაში წერს, ფრანგების უმეტესობა, 2/3-ზე მეტი აქტიური ევთანაზიის კანონის მომხრეა.
მაგ., Journal du Dimanche-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით, 1000 რესპონდენტიდან აქტიური ევთანაზიის დაკანონებას მხარი 70%-მა დაუჭირა, თუმცა მათგან მხოლოდ 36%-მა თქვა, რომ პასუხის გაცემისას საკუთარ თავს განიხილავდნენ, თუ უკურნებელი დაავადების გამო აუტანელი ტკივილებისგან დაიტანჯებოდნენ.
ამასთან, მედიის ცნობით, საფრანგეთის ექიმთა ეროვნული საბჭო მაკრონის ინიციატივას ეწინააღმდეგება.
ევთანაზია ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია დაშვებულია, ზოგან – მხოლოდ პასიური, ზოგან აქტიური – მაგ., როგორც ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და ესპანეთში.
ნიდერლანდები და ბელგია კიდევ უფრო შორს წავიდნენ ამ მხრივ – ამ ქვეყნებში ამჟამად აქტიური ევთანაზია კანონით ნებადართულია ზოგიერთი უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვისაც მათი მშობლების თანხმობით.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: ალენ დელონი ევთანაზიას ირჩევს და შვილს სთხოვს, მის გვერდით იყოს ბოლო წუთებში
კომენტარები