მსოფლიოპოლიტიკა

ფინეთი ნატოს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, შვედეთს ალიანსში თურქეთი და უნგრეთი „არ უშვებენ“ (ვიდეო)

4  აპრილს ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური წევრი გახდა, შესაბამისად, ორგანიზაციის წევრთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ფინეთის დროშა უკვე ფრიალებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენობის წინ. ცერემონია ნატოს შტაბბინაში გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.

„კარგი დღე ფინეთისა და ნატოსთვის“, – ასეა შეაფასა ალიანსში ფინეთის გაწევრება ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მან აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრება ნატოში ალიანსის  დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია (ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ზუსტად 74 წლის წინათ, 1959 წლის 4 აპრილს დაფუძნდა).

„ეს არის ალბათ ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია, ბატონ პუტინს მადლობა გადავუხადოთ “, – განაცხადა, თავის მხრივ,აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ალიანსში გაწევრება ფინეთის ნეიტრალიტეტის დასასრულს ნიშნავს.

ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების განაცხადი 2022 წლის მაისში შეიტანეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 2 თვის შემდეგ, თუმცა პროცესი თურქეთმა დაბლოკა, რომელიც ასევე ნატოს წევრი ქვეყანაა. თურქეთი ამ ქვეყნებს მოუწოდებდა, ქურდთა ორგანიზაციები ტერორისტულად ეღიარებინა, აგრეთვე,, თურქეთისთვის გადაეცა ტერორიზმში ბრალდებულები და 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილები..

2023 წლის დასაწყისში თურქეთსა და შვედეთს შორის სკანდალი აგორდა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან ყურანის დაწვის გამო. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტოკჰოლმში ამ და სხვა ანტითურქული ქმედებების შემდეგ შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ ანკარა მხარს დაუჭერს მის განცხადებას ნატოში გაწევრების შესახებ.

შვედეთის ნატოში შესვლის საკითხი კვლავ ღია რჩება. ალიანსის 30 ქვეყნიდან 28-ში – თურქეთისა და უნგრეთის გარდა – მისი განაცხადი რატიფიცირებულია. ამასთან, თურქეთის გაჯიუტების მიუხედავად ალიანსს ეჭვი არ ეპარება, რომ შვედეთი ნატოს წევრი მალე გახდება .

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close