საქართველოშეუცნობელი

თუ სურვილის ასრულება გსურთ, ჩადით „რუსთაველის“ მეტროში – იქ ერთ-ერთ სვეტში ნამარხი თილისმაა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ რამდენიმე ხნის წინათ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: „იცოდით რუსთაველის მეტროს მარმარილოში მოთავსებული ნიჟარის შესახებ?“ – წერია კომპანიის ფეისბუქგვერდზე.

ამ ინფორმაციამ სენსაცია თუ არა, ინტერესი ნამდვილად გამოიწვია – კომენტარებში ბევრი მომხმარებელი წერს, რომ ბავშვობიდან იციან ამის შესახებ და რომ ამ ნიჟარას მაგიური ძალა აქვს. თურმე ზედ ცერა თითი უნდა დაატრიალო და სურვილი ჩაუთქვა. წერენ, რომ სურვილები ხდებაო.

ჰოდა, თუ მეტროსადგურ „რუსთაველის“ ბაქანზე მოხვდებით, ჩასასვლელიდან ხელმარჯვნივ, მესამე ბოძზე, წითელ ქართულ მარმარილოზე დაახლოებით 400 მილიონი წლის წინანდელ (პალეონტოლოგები ასე ათარიღებენ მოლუსკების ნამარხ ნაშთებს) ნამარხ ნიჟარას დაინახავთ.

უძველესი დროიდან ნამარხ ნიჟარებს მაგიურ ძალას მიაწერდნენ – სწამდათ, რომ ის ნეგატიური ენერგიის განდევნაში ეხმარება ადამიანს, აძლიერებს ნებისყოფას, მოაქვს ოჯახური იდილია, უნარი აქვს, თავიდან აგაცილოთ კონფლიქტები და განხეთქილება. მისი სპირალისებური ფორმა განგრძობადობისა და ევოლუციის სიმბოლოა, რაც სიცოცხლის ენერგიას აძლიერებს.

ჰოდა, თუ ენერგიების გჯერათ, ჩადით მეტროში, მონახეთ ნიჟარა, შეეხეთ და ჩაუთქვით… ცადეთ! როგორც ამბობენ, „ცდა ბედის მონახევრეა“.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ეს ნიჟარა მეტროში – ამაში გასაოცარი არაფერია. რუსთაველის მეტრო ჭიათურის წითელი მარმარილოთია მოპირკეთებული. საქართველოში ბევრ კუთხეში, მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში მთელი კანიონებია მოფენილი ნიჟარის ნამარხებით, რაც იმას ადასტურებს, რომ ოდესღაც შავი და კასპიის ზღვები გაერთიანებული ყოფილა და ამ ადგილებს ზღვა ფარავდა.

2019 წელს სამეგრელოს სოფელ ნარაზენის მკვიდრმა ნამარხი მოლუსკის საინტერესო ნიმუში იპოვა. ვარაუდობენ, რომ ის მდინარე ჟანისწყალმა ჩამოიტანა. ნიჟარა ნამდვილი არტეფაქტია და მნიშვნელოვან გეოლოგიურ ეგზემპლარს წარმოადგენს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close