ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

პარიზში პოლიციასთან შეტაკების შემდეგ ასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს – საყოველთაო გაფიცვა ხუთშაბათს იგეგმება (ვიდეო)

საფრანგეთის პარლამენტში მთავრობის უნდობლობის ვოტუმის ჩავარდნის შემდეგ პარიზისა და სხვა ქალაქების ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

დედაქალაქის ცენტრში დემონსტრანტებმა ნაგვის ურნები დაწვეს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა ქალაქ ლილში. სამართალდამცველებმა იქ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პარიზში პოლიციასთან შეტაკების შემდეგ ასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. საპროტესტო გამოსვლა მოეწყო ქალაქ ბორდოშიც.

პროფკავშირები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის გამოცხადებას ხუთშაბათს გეგმავენ.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის ახლანდელი საპენსიო სისტემა ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება.

უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა საფრანგეთის პარლამენტში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პრეზიდენტმა კონსტიტუციის 49.3 მუხლი აამოქმედა და მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ელიზაბეტ ბორნის მეთაურობით საპენსიო სისტემის ცვლილების სადავო კანონი პარლამენტის ქვედა პალატის გვერდის ავლით დაამტკიცა. რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, ამასთან, უკვე სექტემბერში საპენსიო ასაკი 6 თვით გაიზრდება. აღნიშნულმა ინიციატივამ საფრანგეთში მასობრივი გაფიცვები და საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

სამი პარტიის მიერ ინიციირებული კენჭისყრის დროს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 278-მა დეპუტატმა მისცა ხმა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა (საჭირო იყო 287 ხმა). ოპოზიციას მხოლოდ ცხრა ხმა დააკლდა სამთავრობო კაბინეტის დასაშლელად. ამგვარად, საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, საპენსიო რეფორმის კანონი დამტკიცებულად ითვლება, თუმცა ფრანგები, როგორც ჩანს, ასე იოლად დანებებას არ აპირებენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close