დღის თემაპოლიტიკასაქართველო

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

როგორ მოხდება პროცედურულად კანონპროექტების გაწვევა?

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროცედურულად ამ კანონპროექტების გაწვევა მოხდება: ე. წ. ამერიკული ვარიანტის, რადგან ის ჯერ არ არის მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორის, „ხალხის ძალის“ განცხადების საფუძველზე, „ქართული ვარიანტის“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) გაწვევას კი, რადგან ის უკვე მიღებულია პირველი მოსმენით, სჭირდება მეორე მოსმენის დაწყება, რომელზეც დეპუტატებმა წინააღმდეგ უნდა მისცენ ხმა კანონპროექტს, რომელსაც პირველი მოსმენისას თავადვე დაუჭირეს მხარი. ამგვარად, კანონპროექტი „ჩავარდება“ და მასთან დაკავშირებული პროცედურები შეწყდება.

დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 19:00 საათზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, დღევანდელ აქციაზე მმართველი გუნდისგან მოითხოვენ მკაფიოდ განმარტოს, როგორ აპირებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება 7 და 8 მარტს გამართულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება (შსს-ს ინფორმაციით, 7 და 8 მარტს აქციებზე მთლიანობაში 133 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომლის სასამართლო პროცესი ამჟამად იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში).

„დღეს აუცილებლად იქნება აქცია. არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც არ გვაქვს „ქართულ ოცნების“ ნდობა და რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ გარანტი, ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორი პუნქტის შესრულებას – გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი. მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, არიან დაჭერილები. სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე მარტივად აქვთ.

დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ერთის მხრივ, ვიამაყოთ ერთმანეთით, ვიამაყოთ ჩვენი გაკეთებულით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ, გადაედგათ ეს ნაბიჯი, გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ იმისა, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები”, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ.

პარალელურად სახალხო დამცველის ოფისი სწავლობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close