რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაბერძნეთი

შოკისმომგვრელი ფოტო და ფაქტი: სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საბერძნეთში შიშველი მოხუცი ქალი ეზოში შლანგით „გარეცხა“

ფოტო, რომელსაც ქვემოთ ხედავთ, მეორე დღეა ვირუსულად ვრცელდება საბერძნეთის სოციალურ ქსელებში. სამწუხაროდ, ის ყალბი არ არის, ნამდვილად მომხდარ შოკისმომგვრელ ფაქტს ასახავს: სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოროპოსის მუნიციპალიტეტში (ატიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ათენიდან 50-მდე კილომეტრში) 70 წლის ქალი მანქანის გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად ღია სივრცეში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ძირში გააშიშვლა და შლანგით „გარეცხა“. 

პაციენტის მიმართ უპრეცედენტოდ არაადამიანური მოპყრობის შესახებ ოროპოსის მერს, გეორგიოს იასიმაკისს აცნობეს. იგი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა კერძო კომპანიას, რომელთანაც მუნიციპალიტეტს კონტრაქტი აქვს დადებული სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე და მომხდარზე განმარტება სთხოვა, აგრეთვე, პირადად ესაუბრა კონკრეტული ბრიგადის წევრებს, რომლებმაც თავი იმით იმართლეს, თითქოს საავადმყოფოში გადაყვანამდე ქალის გაწმენდისთვის სხვა გზა არ არსებობდა და მოხუცმა ეს მათ თავად სთხოვა:

„მედიკოსებმა ქალი დაარწმუნეს, რომ აუცილებელი იყო მისი საავადმყოფოში გადაყვანა. მოხუცი რამდენიმე დღის წინ დაეცა იატაკზე და იქ ისაქმებდა. მათ უთხრეს, რომ საჭირო იყო მისი დაბანა, მაგრამ ბინაში ამის საშუალება არ არსებობდა. მათი თქმით, ქალმა თავად სთხოვა მათ, რომ დაებანათ“, – უთხრა მერს კომპანიის ხელმძღვანელმა.

მერმა განკარგულება გასცა, რომ ინციდენტის  ადმინისტრაციული მოკვლევა დაეწყოთ ორშაბათს, დილიდანვე.

„როგორც ადამიანი, უპირობოდ ვგმობ ამ მიუღებელ ფაქტს და ზიზღის და სირცხვილის გრძნობა მიპყრობს. უკვე გავეცი მითითება, სასწრაფოდ ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ. აგრეთვე, დავუკავშირდი კომპანიის ხელმძღვანელს და ვთხოვე, ეს ბრიგადა გაათავისუფლოს სასწრაფო დახმარების მუნიციპალურ მანქანაზე მუშაობიდან. … რაც მათ გააკეთეს, მიუღებელია და 100 წლით უკან გვაბრუნებს. მინდა დავარწმუნო ჩემი თანამოქალაქეები, რომ ასეთი მოქმედება, ვინც არ უნდა ჩაიდინოს, დაუსჯელი არ დარჩება“, – გაავრცელა  განცხადება მერმა კვირას, 5 მარტს, საღამოს.

არსებული ინფორმაციით, მოხუც ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა ეს ფაქტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებს, ცხადია, არ ამართლებს, პირიქით, ასეთ შემთხვევაში პაციენტს უფრო ფრთხილი და მზრუნველი მოპყრობა სჭირდება მკურნალობისას, – წერს CNN.gr

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ქმედების ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. ათენის საოლქო პროკურატურის მთავარმა პროკურორმა განკარგულება გასცა, ჩატარდეს გამოძიება, რათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც სისხლის სამართლის კოდექსის დებულება დაარღვია, რომელიც გადაცდომის სახით წამებისთვის სასჯელს გულისხმობს.

ჯანდაცვის მინისტრმა ტანოს პლევრისმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანამშრომლები არ მიეკუთვნებიან არც სასწრაფო დახმარების ნაციონალურ ცენტრს (Το Εθνικό Κέντρο Άμεσης Βοήθειας/ΕΚΑΒ), არც ზოგადად საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემას.

„ჩვენი თანამშრომლები  ყოველდღიურად შველიან ჩვენს თანამემამულეებს და არაფერი აქვთ საერთო არაადამიანურ საქციელთან“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close