მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში მშობლების მიერ სოცქსელებში არასრულწლოვანი შვილების ფოტოების გამოქვეყნებაზე შესაძლოა რეგულაციები დაწესდეს

საფრანგეთში მშობლების მიერ სოცქსელებში არასრულწლოვანი შვილების ფოტოების გამოქვეყნებაზე შესაძლოა რეგულაციები დაწესდეს. კანონპროექტს, რომელიც ბავშვების უფლებებს დაიცავს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

„ჩვენი გზავნილი მშობლებისადმი ასეთია: თქვენი შვილების კონფიდენციალურობის დაცვა თქვენი მოვალეობაა. საშუალოდ, ვიდრე ბავშვი 13 წლის გახდება და საკუთარი ანგარიშის შექმნის უფლება ექნება, სოცქსელებში მისი 1300-მდე ფოტო ცირკულირებს“, – აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი ბრუნო სტუდერი, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ სტუდერს, რომელიც პარლამენტში 2017 წელს აირჩიეს, ინტერნეტსივრცეში ბავშვების უსაფრთხოებაზე უკვე რამდენიმე კანონი აქვს ინიცირებული. გასულ წლებში კანონებად იქცა მისი ორი ინიციატივა. ერთის მიხედვით, სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების მწარმოებლებს დაევალათ, მიანიჭონ მშობლებს კონტროლის საშუალება ბავშვების ინტერნეტ წვდომაზე, ხოლო მეორე კანონი YouTube-ის არასრულწლოვანი ვარსკვლავების უფლებების დაცვას ეხებოდა.

კანონპროექტი, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერა მოიპოვა, ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვას მშობლების იურიდიულ მოვალეობებში მოიაზრებს. ორივე მშობელს თანაბარი პასუხისმგებლობა დაეკისრება საკუთარი შვილების ფოტოების უფლებებზე. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები შეთანხმებას ვერ აღწევენ, მოსამართლეს შეუძლია რომელიმე მათგანს მეორე მშობლის ნებართვის გარეშე ბავშვის ფოტოს გამოქვეყნება აუკრძალოს.

კანონპროექტს მომდევნო ეტაპზე პარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილავენ, შემდეგ კი ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close