მსოფლიოპოლიტიკა

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან

საქართველო იმ 141 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების წლისთავზე მიიღო.

რეზოლუციის წინააღმდეგ პოზიცია დააფიქსირეს რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, ნიკარაგუამ და მალიმ. 32-მა სახელმწიფომ კი თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროექტი 75 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს მიერ იყო დასპონსორებული და უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ მოწოდებას მოიცავს.

რეზოლუცია, აგრეთვე, შეიცავს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

დოკუმენტი ასევე მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები.

რეზოლუციაში ცალკე აღნიშნულია „უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობა ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე სათანადო, სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებებისა და სამართლებრივი დევნის გზით“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close