დღის თემასაზოგადოება

მიწისძვრა ადამიანს არ კლავს, „კორუფცია კლავს“!

კვლევამ აჩვენა პირდაპირი კავშირი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობასა და კორუფციას შორის

წყალდიდობამ შეიძლება ადამიანი მოკლას, მეწყერმაც, მაგრამ მიწისძვრა ადამიანს არ კლავს. ვერც თურქეთის 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოკლავდა ადამიანს, ვერც კი წააქცევს მას. ადამიანს კლავს მისივე შექმნილი ნაგებობა, ამიტომ სეისმურ რეგიონებში შენობა-ნაგებობების აგების სწორი პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ყველამ ვნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ერთად მდგარი რამდენიმე სახლიდან ზოგი დანგრეულია, ზოგი არა – ამის მიზეზი მშენებლობის ხარისხია.

ჟურნალისტმა თეონა გეგელიამ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს პირდაპირ კავშირს  მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობასა და კორუფციას შორის.

„არ ვიცი, აზრი აქვს თუ არა ამ ინფორმაციის გაზიარებას ქვეყანაში, სადაც 2013 წლის ივნისის ტრაგედიის შემდეგ ხალხი ისევ ბედნიერად იშენებს ბინებს მდინარის კალაპოტში, მაგრამ იყოს მაინც.

წელს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც გაანალიზებულია 1975 წლიდან 2003 წლამდე 42 ქვეყანაში მომხდარი 344 მიწისძვრის შედეგები. ამ კვლევამ აჩვენა პირდაპირი კავშირი მსხვერპლის რაოდენობას და კორუფციას შორის: რაც უფრო მაღალია სახელმწიფოში კორუფციის დონე, მით მეტია მსხვერპლის რიცხვი.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც ავტორებმა გააანალიზეს 1960 წლიდან 2002 წლამდე მომხდარი 269 დიდი მიწისძვრის შედეგები, აჩვენა პირდაპირი კავშირი დაღუპულების რაოდენობას და სოციალურ უთანასწორობას შორის. მეცნიერებმა ეს კავშირი იმით ახსნეს, რომ საზოგადოებებს, სადაც მდიდრებს და ღარიბებს შორის დიდი სხვაობაა, არ აქვთ მშენებლობების წესების დადგენისა და მათი კონტროლის, სეისმური საფრთხეების დონის მიხედვით ზონირების, ნაგებობების გამაგრების უნარი.

ამ კვლევების შედეგებ, 2011 წელს ჟურნალ Nature-ში მიწისძვრების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სპეციალისტმა ნიკოლას ამბრაზეუსმა შეაჯამა. ის ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონის მიმართულებით მუშაობს. სტატიაში „კორუფცია კლავს“ მან გააანალიზა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები მიწისძვრის მსხვერპლთა, მათი მშპ-სა (მთლიანი შიდა პროდუქტის) და კორუფციის აღქმის დონის კუთხით და აჩვენა, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ამ მიწისძვრების მსხვერპლთა 83% ცხოვრობდა კორუმპირებულ ქვეყანაში – იქ, სადაც კორუფციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე უნდა ყოფილიყო მათი მშპ-ის საფუძველზე.

ამბრაზეუსი წერს, რომ სამშენებლო სფერო მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე კორუმპირებულ სეგმენტადაა აღიარებული. ტექნოლოგიების და მშენებლობების ნორმების არასკმარის დაცვას კი მიწისძვრები ყველაზე კარგად ავლენს. სტატიის ბმული https://is.gd/BTSdml “, – წერ ჟურნალისტი თეონა გეგელია.

საბედნიეროდ, თურქეთისგან განსხვავებით, ჩვენთან არ არის სეისმურად ისეთი მძიმედ აქტიური კერები, როგორიც სამხრეთშია. თურქეთში ეს აქტიურობა დიდწილად განპირობებულია არაბეთის, აფრიკისა და ანატოლიის ფილების მეზობლობით და ერთმანეთთან შეჯახებით.

ჩვენ ამ ზონისგან რამდენიმე ასეული კილომეტრით ვართ დაშორებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე შედარებით ნაკლებია, მაგრამ ჩვენ ის საფრთხეებიც „გვეყოფა“, რაც ჩვენთან არსებობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close