გაფიცვების მეორე დიდი ტალღა საფრანგეთში მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ – მატარებლები გაჩერდა, სკოლები დაიკეტა
საპროტესტო დემონსტრაციები საფრანგეთის ათობით ქალაქში იმართება, პარიზიდან ნიცამდე
31 მარტს საფრანგეთის ათობით ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა საპენსიო ასაკის ზრდის გეგმის გასაპროტესტებლად.
ეს უკვე მეორე მასობრივი გაფიცვაა ერთ თვეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმის შესახებ დააანონსა, რომლის თანახმადაც პენსიაზე გასვლის ასაკი 62-იდან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს 2030 წლამდე – ზრდა წელს დაიწყება და სექტემბერში უკვე 6 თვეს მოიმატებს. 19 იანვარს, პირველ საპროტესტო აქციაზე, 1,1 მლნ ადამიანი გამოვიდა – ეს ყველაზე მასობრივი დემონსტრაცია იყო 2010 წლის შემდეგ, როდესაც საპენსიო ასაკი 60-იდან 62 წლამდე გაზარდეს. მაშინ პრეზიდენტის პოსტს ნიკოლა სარკოზი იკავებდა.
საფრანგეთში გაფიცვის შესახებ 8 მსხვილმა პროფკავშირმა გამოაცხადა – არ მუშაობს დაწყებითი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებელთა თითქმის ნახევარი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშების, თბურ და ატომურ ელექტროსადგურებზე მომუშავე ენერგეტიკოსების თითქმის 75%, რის შედეგადაც ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება, უმსხვილესი მაგენერირებელი კომპანია EDF-ს მონაცემებით, 4,5%-ით შემცირდა.
გაფიცულები არიან საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომლებიც – რადიოში ახალი ამბების ნაცვლად მუსიკა ისმის.
გაფიცვებმა ტრანსპორტის მუშაობაში პრობლემები შექმნა: ავტობუსები, მატარებლები და ტრამვაი ქალაქებში პარიზიდან ნიცამდე სერიოზული შეფერხებებით დადიან, ქვეყნის შიგნით ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობაც შეფერხებულია – მხოლოდ ყოველი მესამე დადის.
Air France-ის განცხადებით, გაუქმდება ყოველი მეათე რეისი მოკლე და საშუალო მანძილზე, თუმცა, მათივე მტკიცებით, ეს შორეულ ფრენებს არ შეეხება.
შეფერხებებია პარიზის მეტროში – არსებული ინფორმაციით, იქ გამართულად მხოლოდ ორი ხაზი მუშაობს, რომლებზეც ავტომატური მატარებლები მოძრაობენ, მემანქანეების გარეშე, პლატფორმებზე კი უამრავი ხალხია, რომლებიც გამგზავრებას ცდილობენ.
როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ამომრჩეველთა დაახლოებით 2/3 მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოდის.
საფრანგეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – ნაციონალური ასამბლეა ეროვნული საპენსიო რეფორმის კანონების განხილვას მომავალ კვირაში დაიწყებს. მაკრონის ცენტრისტულ პარტია „აღორძინებას“ პალატაში უმრავლესობა არ აქვს და მემარჯვენე ოპოზიციის მხარდაჭერის იმედადაა.
საფრანგეთში საპენსიო ასაკი 64 წლამდეც რომ გაიზარდოს, ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იქნება ევროპაში. შედარებისთვის: იტალიასა და გერმანიაში საპენსიო ასაკი 67 წელს შეადგენს, დიდ ბრიტანეთში – 66-ს, ესპანეთში – 65-ს.
ამჟამად საფრანგეთში ერთ პენსიონერზე 1,7 მომუშავე მოდის, რომლებსაც საპენსიო ფონდებში შენატანები შეაქვთ.
საფრანგეთი „პენსიაზე ყოფნის მოსალოდნელი წლების რაოდენობით“ (მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა შრომის ბაზრიდან ფაქტობრივი გასვლის შემდეგ) თავის ევროპელ მეზობლებს შორის ლიდერთა სამეულშია. ქვეყანამ მაღალი შედეგები აჩვენა და მეორე ადგილი დაიკავა მამაკაცებში (23,5 წელი) და მესამე – ქალებში (27,1 წელი). საფრანგეთის მთავრობის გათვლებით, საპენსიო ასაკის გაზრდის გარეშე საპენსიო ფონდი ვეღარ შეძლებს ქვეყანაში მზარდი რაოდენობით პენსიონერების შენახვას.
Le Figaro-ს ცნობით, პროფკავშირების გაერთიანებამ საფრანგეთში ახალი საპროტესტო გამოსვლები დააანონსა 7 და 11 თებერვალს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები