რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

რატომ ითვლება ძველთაგანვე 28 იანვარი საშიშ დღედ და რის გაკეთება არ შეიძლება

28 იანვარი (ძველი სტილით 15 იანვარი) მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანის, ღირსი პავლე თებაიდელის ხსენების დღეა, როდესაც ეკლესია რამდენიმე წმინდა მოწამესაც იხსენიებს, ამის მიუხედავად ზოგიერთ ქვეყანაში 28 იანვარი ჯადოქრების დღედ ითვლება. ძველად მას სახიფათო პერიოდად მიიჩნევდნენ, რადგან ხალხის რწმენით, ამ დღეს ჯადოქრები იკრიბებიან და თავიანთ ცერემონიებს იწყებენ.

რატომ ითვლება 28 იანვარი საშიშ დღედ

ღირსი პავლე თებაიდელი, რომელიც ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში დაიბადა, პირველი ქრისტიანი ბერი და განდეგილი იყო, იგი ახალი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, ღირსი პავლე 91 წელი განდეგილი იყო, მარტო ფინიკის პალმის ნაყოფს და პურს ჭამდა, რომელიც მისთვის ყორანს მიჰქონდა, ხოლო როდესაც გარდაიცვალა (ახ. წელთ. 341 წელს, 113 წლის ასაკში), საფლავი ლომებმა გაუთხარეს.

რუსეთში, მაგალითად, 28 იანვარი ჯადოქრების დღედ მიიჩნევა – ძველად სწამდათ, რომ ამ დღეს უწმინდური სულები ადამიანის სიმტკიცეს გამოცდას უწყობენ. რატომ უკავშირდება წმინდანის ხსენების დღე ჯადოქრებს, გამოცანად რჩება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თავისი წინაპირობა და საფუძველი აუცილებლად ექნებოდა.

ადამიანები მას საშიშად მიიჩნევდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ სწორედ ზამთრის გარდატეხის ამ დღეს იწყებდნენ თავიანთი ცოდნის გამოყენებას ჯადოქრების შეგირდები. მასწავლებლებისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე გაწაფულები იყვნენ და ძალიან ფრთხილობდნენ მაგიური რიტუალების შესრულებისას, ახალბედებს ჯერ საკმარისი პრაქტიკა არ გააჩნდათ და იყო რისკი, რომ მათი ქმედებები დიდ პრობლემებს გამოიწვევდა.

მათი გავლენებისგან დასაცავად ადამიანები სხვადასხვა რიტუალს ატარებდნენ: მაგალითად, აკაკუნებდნენ ხეზე ან უკან აფურთხებდნენ, მარცხენა მხარს ზემოდან. მორწმუნეები კი, რომლებსაც ზემოაღწერილი ცრურწმენების არ სჯეროდათ, ლოცულობდნენ, რადგან ლოცვა ყველაზე ძლიერ დაცვად მიიჩნეოდა (და მიიჩნევა).

28 იანვარს დაბადებულ ბავშვს სელის ქსოვილის პერანგს აცმევდნენ და სასთუმლის ქვეშ სელის კონას უდებდნენ.

ძველი რწმენის თანახმად, ამ დღეს არასასურველია მათთან ურთიერთობა, ვინც ჯადოქრობით და მაგიითაა დაკავებული. თუ უცხო ან არც ისე კარგად ნაცნობი ადამიანი სკანდალსა და კონფლიქტში თქვენს ჩათრევას შეეცდება, არ აჰყვეთ და ჩხუბი თავიდან აირიდეთ.

ამ დღეს არ არის რეკომენდებული საკუთარი ცხოვრების გლობალური მიზნების და გეგმების განხილვა: განსაკუთრებით, თუ საკითხი ეხება ქორწინებას, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას და სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს. არსებობს დიდი ალბათობა, რომ არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ.

თავი შეიკავეთ სახლში ლანძღვა-გინებისა და ვინმეს აუგად მოხსენიებისაგან.

ამ დღეს არ შეიძლებოდა დაუბანელი ყოფნა და ჭუჭყიანი ფეხსაცმლით სიარული, რათა უწმინდური სული არ მიეზიდათ.

ყველაზე მავნებელია შური – ეცადეთ, არავისი არაფერი შეგშურდეთ, რადგან შური შესაძლოა ოჯახში და სამსახურში პრობლემების მიზეზი გახდეს.

28 იანვარს დაუშვებელია დაბნეულობა და გაუაზრებელი ქმედებები, რადგან ითვლება, რომ თუ ამ დღეს რამეს დაკარგავთ, მისი დაბრუნება შეუძლებელია. ეს ეხება არა მხოლოდ მატერიალურ ნივთებს, არამედ არამატერიალურსაც, როგორიცაა: ნდობა, მეგობრობა, სიყვარული.

არ შეიძლება თქვენი წარმატებებით ტრაბახი, რადგან მარტივად შეძლებთ იღბლის გათვალვას.

ამ დღეს დაუშვებელია ნივთების ან ფულის ხელიდან ხელში აღება – მით უმეტეს, უცხო ადამიანებისგან. მოულოდნელი საჩუქრები არ უნდა მიიღოთ. ასევე, არაფერი აიღოთ ქუჩიდან, განსაკუთრებით გზაჯვარედინებზე.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close