მედიცინა

„ლურჯი ზონების“ მაცხოვრებლებში აღმოაჩინეს გენი, რომელიც გულს 10 წლით აახალგაზრდავებს

ბრისტოლის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა და იტალიაში დაფუძნებული MultiMedica Group-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაბერების საწინააღმდეგო გენი, რომელიც ასწლოვანების პოპულაციაში აღმოაჩინეს, გულის ბიოლოგიურ ასაკს 10 წლით უკან აბრუნებს. ახალი მიგნების შესახებ ნაშრომი გამოცემა Cardiovascular Research-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო გენს დედამიწის „ლურჯ ზონებში“ მცხოვრებ ადამიანებში მიაკვლიეს. ეს ადამიანები ჯანსაღი მუტანტი გენის წყალობით განსაკუთრებული დღეგრძელობით გამოირჩევიან – ისინი ხშირად 100 წელსა და მეტ ხანს ცოცხლობენ და ხანდაზმულ ასაკშიც კი ჯანმრთელობას ინარჩუნებენ.

როგორც დაკვირვება აჩვენებს, დაბერების საწინააღმდეგო გენის მატარებელი ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებისკენ. აქედან გამომდინარე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ზემოხსენებული გენი ეხმარება გულს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში და მათ დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებებისგან, მათ შორის გულის უკმარისობისგან იცავს.

ბრისტოლის უნივერსიტეტის გუნდმა ცდა თაგვებზე ჩაატარა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ დაბერების საწინააღმდეგო გენმა, მისი ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, საშუალო ასაკის მღრღნელებში გულის ფუნქციის დაქვეითება შეაჩერა. კიდევ უფრო საყურადღებოა ხანდაზმულ თაგვებზე ჩატარებული კვლევა, რომელთა გულებში ისეთი ცვლილებები ვლინდება, როგორიც ასაკოვან ადამიანთა ორგანოებში – გენმა ხანდაზმული თაგვების გული იმ ბიოლოგიური ასაკით გააახალგაზრდავა, რაც ადამიანთა შემთხვევაში ათი წლის ეკვივალენტია.

ამის შემდეგ კვლევა MultiMedica Group-ის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ცდაში იმ ხანდაზმული ადამიანების გულის უჯრედები გამოიყენეს, რომელთაც აღნიშნულ ორგანოსთან დაკავშირებული მძიმე დაავადებები აწუხებდათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ტრანსპლანტაცია იყო საჭირო.

როგორც MultiMedica Group-ის მკვლევრები აცხადებენ, ცდის დაწყებამდე ხანდაზმული პაციენტების გულის უჯრედები, „პერიციტები“, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი სისხლძარღვების მშენებლობას, დაბერებული და ფუნქციადაქვეითებული იყო. მათივე თქმით, დაბერების საწინააღმდეგო გენის გამოყენების შემდეგ, გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმული პაციენტების ორგანოების უჯრედებმა გამართული ფუნქციონირება აღიდგინეს, რაც უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა ახალი სისხლძარღვების მშენებლობაში.

კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ასწლოვან პოპულაციაში მიგნებული ჯანსაღი მუტანტი გენი, გარდა მათი შთამომავლობისა, შეიძლება არანათესავ ადამიანებსაც გადაეცეთ, ამ უკანასკნელთა გულების დასაცავად. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში გამოვლინდეს გენის სხვა მუტაციები მსგავსი ან თუნდაც სხვა სამკურნალო პოტენციალით.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close