მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა – ვინ იქნება ბუნდესვერის ახალი მეთაური?

გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა. კრისტინე ლამბრეხტმა ფედერალურ კანცლერს შესაბამისი განცხადებით დღეს, 16 იანვარს მიმართა. ზუსტი გამოდგა Süddeutsche Zeitung-ის პროგნოზი, რომ მინისტრი 16-იდან 23 იანვრამდე პერიოდში გადადგებოდა.

ლამბრეხტის განმარტებით, მისი მისამართით განუწყვეტელი კრიტიკა შეუძლებელს ხდის ამ პოსტზე მის შემდგომ ყოფნას და მან ეს გადაწყვეტილება კანცლერ ოლაფ შოლცის თხოვნის შესაბამისად მიიღო.

გერმანული მედია წერს, რომ მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი ნაწილობრივ უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, სოციალ-დემოკრატი ქრისტინე ლამბრეხტი არაერთხელ გახდა მედიის კრიტიკის ობიექტი – ბოლოს საახალწლო მილოცვის გამო, რომელსაც გერმანულმა მედიამ უხეირო უწოდა. ლამბრეხტმა დღესასწაულის მისალოცად ჩაწერილ ვიდეოში ახსენა ომი უკრაინაში და სარაკეტო დაბომბვები, ამ დროს კი იგი ფეიერვერკების ფონზე იყო და ცდილობდა მათი გასროლის  ხმა გადაეფარა. რამდენიმე თვით ადრე სკანდალი გამოიწვია, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც ჩანს ლამბრეხტის შვილი სამსახურებრივ შვეულმფრენში. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა თავის 21 წლის ვაჟს ჩრდილოეთ გერმანიის კუნძულზე ბუნდესვერის ვერტმფრენით გაფრენის უფლება მისცა.

ოპოზიციამ კანცლერ ოლაფ შოლცს კრისტინე ლამბრეხტის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა

ამ უკანასკნელის გადაწყვეტილების შესახებ, დაეტოვებინა თავდაცვის მინისტრის პოსტი, გერმანულმა მედიამ უკვე 13 იანვრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია.

ლამბრეხტი უკვე თვეებია, კრიტიკის ცეცხლქვეშაა, ლამის მისი დანიშვნის დღიდანვე (2021 წლის 8 დეკემბერი). „დოიჩე ველეს“ ცნობით, თავდაცვის მინისტრის კრიტიკოსები, ოპოზიციონერი ქრისტიან-დემოკრატები ლამბრეხტს ბრალს სდებენ არაკომპეტენტურობასა და გადაწყვეტილებების მიღების დაყოვნებაში ბუნდესვერის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები) აღჭურვილობის განახლებასთან დაკავშირებით.

თავიდან მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ უწყებაში ჭორი უწოდეს. ეს ინფორმაცია გერმანიის მიერ უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებული დისკუსიის ფონზე გამოჩნდა. ზოგადად, მინისტრს ომის დაწყებიდანვე ადანაშაულებდნენ უკრაინისადმი არასათანადო დახმარების გამო.

Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 იანვარს ამერიკულ ავიაბაზაზე რამშტეინში მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ლამბრეხტმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რა გადაწყვეტილება მიიღო გერმანიამ უკრაინისთვის „ლეოპარდების“ გადაცემასთან დაკავშირებით. ახლა კი უცნობია, წავა თუ არა იგი საერთოდ ამ შეხვედრაზე.

გუშინ, გადადგომის წინა საღამოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემის საკითხი „ჯერ დღის წესრიგში არ დგას“, თუმცა პირობა დადო, რომ გერმანია უკრაინას 40 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს გადასცემს და უკრაინელ სამხედროებს მათ გამოყენებას ასწავლის.

გერმანული გამოცემა Bild-ი ბუნდესვერის მომავალი მეთაურის პოსტზე ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატსაც ასახელებს – ევა ჰიოგლს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 54 წლის ევა ჰიოგლი 2009-2020 წლებში ბუნდესტაგის წევრი იყო, 2020 წლის მაისიდან კი გერმანიის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისრის თანამდებობას იკავებს. ლამბრეხტისგან განსხვავებით იგი გამოცდილი პოლიტიკოსია, მათ შორის, სამხედრო კუთხით, ამიტომ ექსპერტებისთვის ის მთავარი ფავორიტია, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი დანიშვნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად მთავრობაში სიტუაციას გამოასწორებს და სამხედრო სფეროში დაგროვილი საკითხების გადაწყვეტას დააჩქარებს.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე:

გერმანიის თავდაცვის მინისტრი შესაძლოა მალე გადადგეს – მედია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close