არტისტიიტალია

იტალიური კინოს ლეგენდა ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა (ვიდეო)

იტალიური კინოს ლეგენდა ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა. მსახიობი 95 წლის იყო.

ჯინა ლოლობრიჯიდა 1927 წლის 4 ივლისს დაიბადა სუბიაკოში ავეჯის ხელოსნების ოჯახში.

მან პირველად სახელი გაითქვა „ფანფან ტიტაში“ (1952 წ. ) და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“ (1956) შესრულებული როლებით. პირველი ფილმი, კი რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა, იყო „პური, სიყვარული და ფანტაზია“ (1953 წ.) ამის შემდეგ იგი ჰოლივუდში მიიწვიეს.

მისი ცნობილი ფილმებია, აგრეთვე, „ღამის ლამაზმანები“ (1952, ჟერარ ფილიპთან ერთად), „ჩალის ქვრივი“ (1964, შონ კონერისთან ერთად), „მოდი სექტემბერში“ (1961 წ., როკ ჰადსონთან ერთად), „გადაჯვარედინებული ხმლები“ (1954 წ., ეროლ ფლინთან ერთად) და სხვ. სულ მისი ფილმოგრაფია 60-ზე მეტ კინოსურათს მოიცავს, 1946 წლიდან დაწყებული, 2011 წლამდე, თუმცა მისი კინოკარიერა, რეალურად, 60-იან წლებში დასრულდა და ლოლობრიჯიდა ფოტოგრაფიამ გაიტაცა. ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობასაც.

1999 წელს მსახიობმა მოულოდნელად ევროპარლამენტშიც იყარა კენჭი, მაგრამ წარუმატებლად.

„არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკოსი, – თქვა მაშინ მან ინტერვიუში, – თუმცა როდესაც შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი“.

რამდენიმე თვის წინ,  2022 წლის აგვისტოში 95 წლის ჯინა ლოლობრიჯიდამ კვლავ გამოთქვა პოლიტიკაში დაბრუნების და კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი სენატის მანდატის მოსაპოვებლად ალიანსიდან „სუვერენული და სახალხო იტალია“, თუმცა 25 სექტემბრის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ბარძაყის ძვალი მოიტეხა. მაშინ მას ოპერაცია გაუკეთეს და რამდენიმე ხნის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

ჯინა ლოლობრიჯიდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია კინოს ისტორიაში და მსოფლიოს ულამაზეს ქალთა შორისაა.

თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მან ხელოვნებას და ფოტოგრაფიას მიუძღვნა. გამართა არაერთი გამოფენა, მუდმივად აწყობდა გეგმებს და სურდა ნახატების ალბომის გამოცემა…

2018 წელს ლოს-ანჯელესში, დიდების ხეივანში ჯინა ლოლობრიჯიდას სახელობის ვარსკვლავიც გამოჩნდა.

ნუცა ყაველაშვილი

1947 წელს ჯინა ლოლობრიჯიდამ (ფოტოზე – მარცხნიდან მესამე) მესამე ადგილი დაიკავა სილამაზის კონკურსზე „მის იტალია“. მაშინ ჯინა 20 წლის იყო. ფოტო: KITTI BOLOGNESI

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close