მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი შესაძლოა მალე გადადგეს – მედია

გერმანული გამოცემები, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი შესაძლოა მალე გადადგეს. გერმანული გამოცემა Bild-ი რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოსაა და ამას საკუთარი სურვილით აკეთებს. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ტელეარხი ntv და სააგენტო dpa, რომლებიც წყაროებს, აგრეთვე, არ ასახელებენ. 

ამავე ინფორმაციით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მინისტრისგან მომდინარეობს და არა კანცელარიიდან. როგორც Bild-ი წერს, ლამბრეხტის გადადგომის ზუსტი დროისა და მისი მემკვიდრის ვინაობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Süddeutsche Zeitung-ი უფრო შორს მიდის და  ამტკიცებს, რომ მინისტრი 16-იდან 23 იანვრამდე პერიოდში გადადგება.

გერმანიის მთავრობის სპიკერები ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებენ და მასზე კომენტარს არ აკეთებენ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, სოციალ-დემოკრატი ქრისტინე ლამბრეხტი არაერთხელ გახდა მედიის კრიტიკის ობიექტი – ბოლო დროს საახალწლო მილოცვის გამო, რომელიც გერმანულმა მედიამ წარუმატებლად აღიარა. ლამბრეხტმა დღესასწაულების მისალოცად ჩაწერილ ვიდეოში ახსენა ომი უკრაინაში, ამ დროს კი იგი ფეთქებადი ფეიერვერკების ფონზე იყო და ცდილობდა მათი ხმა გადაეფარა. მანამდე სკანდალი გამოიწვია, აგრეთვე, ფოტომ, რომელზეც ჩანს ლამბრეხტის შვილი სამსახურებრივ შვეულმფრენში. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა თავის 21 წლის ვაჟს ჩრდილოეთ გერმანიის კუნძულზე ბუნდესვერის ვერტმფრენით გაფრენის უფლება მისცა.

ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, მინისტრი გერმანიაში არაპოპულარულია.კერძოდ, სატელევიზიო არხის ZDF-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 60 პროცენტი მხარს დაუჭერდა მისი გადადგომის გადაწყვეტილებას.ლამბრეხტი  სანამ თავდაცვის მინისტრი გახდებოდა 2021 წლის 8 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრი იყო ანელა მერკელის ბოლო კაბინეტში.

რაც შეეხება მთავრობის დამოკიდებულებას ამ საკითხზე, ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში კანცლერმა ოლაფ შოლცმა საჯაროდ დაიცვა ლამბრეხტი კრიტიკისგან, როდესაც განაცხადა, რომ „ბუნდესვერს ჰყავს პირველი კლასის მინისტრი“ და რომ „გაკვირვებულია გარკვეული კრიტიკით მისი მისამართით“.

კრისტინე ლამბრეხტი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. ოლაფ შოლცმა ზემოაღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ თქვა, რომ იგი ლაბრეხტის მიმართ ნდობას ინარჩუნებდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close