ახალი ჯეიმს ბონდი: ვინ შეცვლის დენიელ კრეიგს?
მსახიობმა დენიელ კრეიგმა უარი თქვა, კიდევ ერთხელ შეასრულოს ჯეიმს ბონდის როლი და სოციალურ ქსელებში არაერთი საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ჭორი გავრცელდა. თაყვანისმცემლებს სურთ გაარკვიონ, ვინ იქნება შემდეგი მსახიობი, რომელიც ამ როლს ითამაშებს. ვინ შეიძლება გახდეს ახალი ჯეიმს ბონდი?
აგენტი 007 (ჯეიმს ბონდი) ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია და მას სხვადასხვა მსახიობი განასახიერებს.
დენიელ კრეიგმა როლზე უარი თქვა 2021 წელს, ფილმის „ სიკვდილის დრო არ არის“ (No Time To Die) გადაღების შემდეგ, რომელშიც იგი ჯეიმს ბონდს თამაშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, აარონ ტეილორ-ჯონსონი ამ როლისთვის ფავორიტი მსახიობია.
ჯეიმს ბონდი საკულტო პერსონაჟია. მას შემდეგ, რაც დებიუტი შედგა 1962 წელს ფილმში „დიოქტორი ნოუ“ (სადაც მთავარი გმირის როლს შონ კონერი თამაშობს), ჯეიმს ბონდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი გახდა, რომელიც კინოეკრანს ამშვენებს. თითქმის 60 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც აგენტი 007 დიდ ეკრანზე გამოჩნდა, მისი როლი 25 ფილმში ხუთმა მსახიობმა (ჯორჯ ლაზენბი, როჯერ მური, ტიმოთი დალტონი, პირს ბროსნანი და დენიელ კრეიგი) შეასრულა. 2021 წლის ბოლო გაგრძელებაში „სიკვდილის დრო არ არის“ დენიელ კრეიგმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის აგენტი 007-ის როლს უკანასკნელად თამაშობდა, რითაც ამ როლის შესრულების შესაძლებლობას სხვებს უთმობდა.
ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერია გამოცხადებული იმის შესახებ, თუ ვინ ითამაშებს შემდეგ ბონდს და თაყვანისმცემლებიც ბუნებრივად შეუერთდნენ ყველა სახის დისკუსიას იმის თაობაზე, თუ რომელმა მსახიობებმა შეიძლება განასახიერონ სუპერჯაშუში. დიდი მსჯელობაა როლის განსხვავებულობაზე და როგორც არათეთრკანიანი მსახიობის, ისე მსახიობი ქალის კასტინგზეც.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აგენტი 007-ის როლზე ერთ-ერთი ლიდერი 32 წლის აარონ ტეილორ-ჯონსონია. ვარსკვლავს „ჯეიმს ბონდის“ პროდიუსერ ბარბარა ბროკოლისთან ჰქონდა შეხვედრა, რომელმაც კარგად ჩაიარა, – იტყობინება Puck News-ი.
„ბონდიანას“ თაყვანისმცემლები და კინოინდუსტრიის ინსაიდერები ყველაზე რეალურ კანდიდატებად ასახელებენ, აგრეთვე, 42 წლის მსახიობ სემ ჰიუენს და 50 წლის იდრის ელბას, რომელიც უკვე დიდი ხანია თაყვანისმცემლების ფავორიტია კოდური სახელით 007.
გაჩნდა ფანების თეორია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა აგენტი 007-ის „წოდება“ 35 წლის ლაშანა ლიჩმა მიიღოს, შავკანიანმა მსახიობმა ქალმა, რომელმაც ბოლო ფილმში (No Time to Die) ნაომის როლი შეასრულა – აგენტის, რომელიც ბონდს მორიგი ბოროტმოქმედის დამარცხებაში ეხმარება.
საუბარია, ასევე, 41 წლის ტომ ჰიდლსტონზე, 39 წლის ჰენრი კავილსა და 34 წლის რეგე–ჟან პეიჯიზე, თუმცა საბოლოოდ ვისზე შეაჩერებს რეჟისორი არჩევანს, ამას დრო გვიჩვენებს.
თამთა გურული
p. s. სხვათა შორის, „ბონდიანას“ ბოლო ფილმმა – No Time to Die არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის, „გრემი“ ვიზუალური მედიისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერისთვის, ასევე, „ოქროს გლობუსის“ ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის, „კრიტიკოსების არჩევანის“ ჯილდო საუკეთესო სიმღერისთვის და „ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის.
ფილმის მთავარ თემა-სიმღერას, რომელიც 2020 წლის 13 თებერვალს გამოვიდა, ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში ასრულებს, რომელიც მაშინ 18 წლის იყო. სიმღერა მან თავის ძმასთან – ფინეას ო’კონელთან ერთად დაწერა. ამრიგად, ბილი აილიში გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ადამიანი, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო (2022).
მოუსმინეთ და ისიამოვნეთ:
კომენტარები