კოვიდცუნამი ჩინეთში – მხოლოდ დეკემბრში კოვიდ-19-ით 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა
ჩინეთს ნამდვილი კოვიდცუნამი დაატყდა თავს – ინფექციის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს. დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება.
შედარებისთვის: წინა ანტირეკორდი 2022 წლის იანვარში დაფიქსირდა – მაშინ 4 მილიონი ინფიცირების შემთხვევა იყო აღრიცხული ერთ დღეში.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს შიდა შეფასებებში, რომელმაც მედიაში გაჟონა, წერია, რომ ქვეყანაში მხოლოდ დეკემბერში კოვიდ-19-ით 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა.
„სიენენი“ წერს, რომ თუ აღნიშნული მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18 პროცენტი ინფიცირებულია, რაც ამ დრომდე პანდემიის ყველაზე ფართო გავრცელებას წარმოადგენს გლობალური მასშტაბით.
ფარულად გასაჯაროების შემდეგ მონაცემებს გაეცნენ ასევე გამოცემები „ფაინანშალ ტაიმსი“ და „ბლუმბერგი“, რომელთა ცნობითაც, ანგარიშების თანახმად, ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვმა 20 დეკემბერს 37 მილიონს მიაღწია, თუმცა ხელისუფლებამ საჯაროდ მხოლოდ 3 049 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა.
საერთო ჯამში კი, პირველიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ხელისუფლებას საჯაროდ მხოლოდ 62 592 შემთხვევა აქვს გამოცხადებული რეალური მაჩვენებლის – ინფიცირების 250 მილიონამდე შემთხვევის ნაცვლად,
ექსპერტების განცხადებით, შემთხვევების მკვეთრი ზრდა შესაძლოა ჩინეთში რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდებოდეს. რეგულაციების შემსუბუქება კი ხელისუფლებამ შეზღუდვების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გადაწყვიტა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები