სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში გამართულ ძიუდოს მასტერსზე საქართველოს ჰიმნი 2-ჯერ გაისმა გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტების პატივსაცემად – ჩვენმა ნაკრებმა პრესტიჟული ტურნირი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. პირველი მედალი საქართველოს 21 დეკემბერს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოუპოვა, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა (9296 ქულა) ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი დაამარცხა.

დღეს, 22 დეკემბერს კი ილია სულამანიძე (100 კგ) გახდა ჩემპიონი. მან ფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინას სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ამ გამარჯვებით ილია სულამანიძე, ასევე, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდა 5752 ქულით.

მანამდე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) გაიმარჯვა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში – მან მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, უზბეკ დავლატ ბობონოვს სძლია.

სამწუხაროდ, ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიელ მოჭიდავესთან დამარცხდა.

იერუსალიმის მასტერსზე ძიუდოში, რომელიც 20-22 დეკემბერს გაიმართა, საქართველო 16 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი – 2 ქალით და 14 კაცით.

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი 21 დეკემბერს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close