ძველი სიმღერის ახალი ვერსია – ანსამბლ „შვიდკაცას“ საჩუქარი „დინამო თბილისს“ (ვიდეო)
„დინამო თბილისის“ ინფორმაციით, ანსამბლმა „შვიდკაცამ“ ჩემპიონობასთან დაკავშირებით გუნდს საჩუქარი გაუკეთა და ცნობილი ჰიმნის, „დინამო, დინამოს“ ახალი ვერსია ჩაწერა. კლუბი ვიდეოს ფეისბუქში აქვეყნებს წარწერით: „ანსამბლ „შვიდკაცას“ საჩუქარი „დინამო თბილისს“. მოისმინეთ ჩვენი გუნდის ჰიმნის ახალი ვერსია“.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი სიმღერა „დინამო, დინამო“, რომელიც, პრაქტიკულად, კლუბის ჰიმნი გახდა, 1976 წელს დაიწერა – 3 სექტემბერს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების შემდეგ ერევნის „არარატთან“. „დინამომ“ დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა და პირველად დაეფულა საბჭოთა კავშირის თასს. გოლები გაიტანეს დავით ყიფიანმა, ფირუზ კანთელაძემ (პენალტი) და რევაზ ჩელებაძემ.
სიმღერის ტექსტის ავტორია მორის ფოცხიშვილი, მუსიკა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნის, პირველად ის ანსამბლ „ივერიის“ სოლისტმა თემურ წიკლაურმა შეასრულა.
კომენტარები