„ვიზეარის“ პირდაპირ რეისებს ქუთაისიდან ევროპის კიდევ 5 ქალაქი დაემატება: ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის კიდევ ხუთი ქალაქის მიმართულებით დაიწყებს მომავალი წლის ივნისიდან, როდესაც მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს. ეს ქალაქებია: ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი. შესაბამისად, 2023 წლის ივნისიდან „ვიზეარი“ ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. „ვიზეარის“ მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას მისცემს ავიაკომპანიას, ახალი მიმართულებების გარდა უკვე არსებულებზეც გაზარდოს ფრენის სიხშირე. შესაბამისად, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ხუთივე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენის მიმართულებით არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.
მიმდინარე წელს, 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.
კომენტარები