საზოგადოება

გარდაცვლილ მოზარდს, რომელსაც თურქეთის კლინიკა ოჯახს დავალიანების გამო არ ატანდა, საქართველოში ჩამოასვენებენ

თურქეთის კლინიკაში ლეიკემიით გარდაცვლილი 16 წლის მარიამ გოგიაშვილს, რომლის ცხედარიც მეხუთე დღეა 44 000-დოლარიანი დავალიანების გამო კლინიკის მორგში იყო დასვენებული, საქართველოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სოფიო ჩიკვილაძემ, რომელიც მარიამის დედასთან ერთად ცდილობდა ლეიკემიით გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენებას, 17 ნოემბერს ფეისბუქში დაწერა, რომ ოჯახს დაუკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში და მათ დახმარება აღუთქვა:

„მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ-მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში. გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა“.

მარიამ გოგიაშვილის ოჯახი ხუთი დღის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას. 16 წლის მოზარდი სტამბოლში, კლინიკა Medi Statie Hospital-ში 13 ნოემბერს ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.

თუკი მარიამის გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელის საშუალებით მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხა გროვდებოდა, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკისთვის გადასახდელი დავალიანების დაფარვის გამო დაიწყო საზოგადოებამ თანხის შეგროვება.

17 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს საკონსულო დაწესებულება პრობლების წარმოქმისთანავე ჩაერთო პროცესში და „ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება“.

რადიო თავისუფლება სტამბოლში დაუკავშირდა სოფიო ჩიკვილაძეს, მარიამ გოგიაშვილის ნათესავს. ის გვიყვება იმ პროცედურებისა და ეტაპების შესახებ, რისი გავლაც გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს ამ ხუთი დღის განმავლობაში მოუწია:

„ხალხს არასწორად ესმოდა, ეგონათ, რომ რაკი კონსული ჩაერთო საქმეში, თანხასაც ისინი დაფარავდნენ. საკონსულო მხოლოდ იმაში გვეხმარებოდა, რომ კლინიკასთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. საკონსულომ მოიყვანა ადვოკატიც და თარჯიმანიც. პირველ ეტაპზე, კლინიკამ შემოგვთავაზა, რომ დაგვეტოვებინა პასპორტები, მოგვეწერა ხელი ხელწერილზე და ბავშვი წაგვეყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე თანახმანი ვიყავით, თუმცა, მალევე ამ შემოთავაზებაზე თავადვე თქვეს უარი. შემდეგ კლინიკამ მოითხოვა, რომ თავდებში ჩაგვდგომოდა საკონსულო, რაც არალოგიკურია, რადგან საკონსულოს ამის უფლება არ აქვს. ბოლოს ზეპირი მოლაპარაკება შედგა, რომ თანხის ნაწილი, 20 ათასი დოლარი გადაგვეხადა, დაგვეწერა ხელწერილი, რომ დარჩენილ 24 ათასს საქართველოში ჩასვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადავიხდით“.

სოფიო ჩიკვილაძის თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებაც, თითქოს ოჯახმა ორ დღეში მოახერხა დავალიანების დასაფარი 44 ათასი დოლარის მობილიზება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება:

„ეს ტყუილია. კი, თანხას რიცხავდა ხალხი, 2 ლარს, 5 ლარს, ზოგი 50 ლარს, 100 ლარსაც. მაგრამ საბოლოო მხოლოდ 10 ათასი დოლარამდე თანხის შეგროვება გახდა შესაძლებელი, რაც დავალიანების დასაფარად არ იყო საკმარისი და ამიტომ ვითხოვდით დახმარებას“.

რა დახმარება გასწია სახელმწიფომ მარიამის სამკურნალოდ?

მარიამს ექიმებმა ლეიკემიის დიაგნოზი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს დაუსვეს. მარიამის მამამ ბავშვის სხეულზე სილურჯეები შენიშნა. ამასთან ერთად, ბავშვის თავის ტკივილები და გულის რევა ჰქონდა. გორში ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ მარიამი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაამისამართეს. ლეიკემიის დიაგნოზიც იქ დაისვა. 13 ოქტომბრის ჩათვლით მარიამი სწორედ იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა, სოფიო ჩიკვილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვს სეფსისი განუვითარდა და კლინიკაში მკურნალობისათვის საჭირო აპარატურა არ აღმოჩნდა, მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო.

მისი თქმით, თურქეთის კლინიკაში პირველადი შენატანი და შემდეგ მკურნალობისათვის საჭირო თანხის ნაწილი ჯანდაცვის სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრთან არსებულმა „სოლიდარობის ფონდმა“ დაფარა:

„უმადურები უნდა ვიყოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წვლილი არ დავინახოთ. ბავშვს თურქეთში ასე არავინ მიიღებდა, ამიტომ პირველადი შენატანი, 18 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან მივიღეთ. ჯამში, მარიამი მკურნალობისთვის საყოველთაო ჯანდაცვისა და პრემიერ-მინისტრის აპარატთან არსებული „სოლიდარობის ფონდი“ საშუალებით 25 ათასი დოლარი მივიღეთ“.

რაც შეეხება დავალიანებას 44 ათასი დოლარის ოდენობით, სოფიო ჩიკვილაძე მის რაოდენობას ასე ხსნის:

„გაჩნდა კითხვები, რატომ დაგროვდა 44 ათასი დოლარის დავალიანება. თავდაპირველად დავალიანება შეადგენდა 60 ათას დოლარს. შემდეგ, ეს დავალიანება დავიდა 56 ათასამდე. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ საბოლოოდ ფასდაკლება გაგვიკეთეს და 44 ათასი დოლარი გამოიანგარიშეს. მოვითხოვე ყველა დოკუმენტი, რათა ვიცოდეთ, რაში რა დაიხარჯა. ჩვენ მარიამის მკურნალობის თანხის ნაწილი სახელმწიფომ დაგვიფინანსა, ამიტომ ვალდებული ვარ, ჯანდაცვასაც გადავუგზავნო ყველა ეს დოკუმენტი. ამ 44 ათას დოლარში, ძირითადად, შედის რეანიმაციის თანხა. რეანიმაციაში მარიამი იწვა 31 დღე. თითო დღის ღირებულება შეადგენს 1200 დოლარს. ამ თანხაში შედის სეფსისის ფილტრაციის აპარატის ღირებულება, რომელიც საქართველოში არ არის და სწორედ ამის გამო წამოვიყვანეთ მარიამი თურქეთში. ხუთი კურსის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 7500 დოლარს. გარდა ამისა, მარიამს დასჭირდა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა“.

16 წლის მარიამ გოგიაშვილს საქართველოში გადმოსვენების შემდეგ გორში დაკრძალავენ

radiotavisupleba.ge

P. S. თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ, გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close